Tuesday, March 22, 2016
McLaren-ის ახალი სარბოლო ავტომობილი – 570S GT4
McLaren-მა თავის მოდელ Sports Series-ის სარბოლო ვერსია შეიმუშავა, რომელიც ორ ვარიანტად დამზადდება. ერთია სატრეკო 570S Sprint-ი, მეორე კი – სარბოლო 570S GT4. პირველი მხოლოდ სატრეკო დღეებისთვის არის გამოსადგი და არც რბოლებზე დაიშვება და არც საერთო სარგებლობის გზებზე. მეორე კი სარბოლო ავტომობილია, რომელიც ბრიტანეთის GT-ს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ბრიტანულ გრან ტურიზმოს ჩემპიონატში, 570S GT4-ით მონაწილეობას მხოლოდ ერთი გუნდი – „ბლექ ბულ ეკური ეკოსი“ მიიღებს. ეს ავტომობილი ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა „მაკლარენი“ აპირებს, რომ მისი სრულყოფა რბოლების დროს განახორციელოს. რაც შეეხება 570S Sprint-ს, ეს სატრეკო ავტომობილი კი არის, მაგრამ მის მფლობელებს, მისი GT4-ად გადაკეთების და რბოლებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ.
GT4-ს გაგანიერებული წინა და უკანა კვალი აქვს, ძარა და შასი კარბონითა და ალუმინით არის დამზადებული. საკიდარში გამოყენებული ზამბარების და ამორტიზატორების წყვილები, ორ პოზიციაში რეგულირდება. ახალია აეროდინამიკური პაკეტი, რომელშიც უკანა დიდი ზომის ანტი ფრთა და დიდი ზომის წინა სპლიტერი შევიდა. ახალი ბამპერის ქვეშ კი დამატებითი რადიატორი განლაგდა.
სარბოლო ავტომობილი 3.8-ლიტრიანი V8 ძრავით აღიჭურვა, რომელსაც ორი ტურბო კომპრესორი ემსახურება. საბაზო Sports Series-ზე ამ ძრავის სიმძლავრე 570 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 600 ნიუტონმეტრია. სარბოლო ვერსიების შემთხვევაში კი ჯერჯერობით ძრავის მონაცემები არ გამოქვეყნებულა. იმავე Sports Series-ს ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.2 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 328 კილომეტრს აღწევს.
სარბოლო და სატრეკო ავტომობილები, უსაფრთხოების კარკასით, ხანძარ საწინააღმდეგო სისტემით და ახალი, მაგნიუმის ბორბლებითაა აღჭურვილი. ბორბლები კი Michelin-ის წარმოების, სარბოლო საბურავებით შეიმოსა.
სარბოლო 570S GT4-ის ფასი 159 900 გირვანქა სტერლინგია.
წყარო: SmartBox