ამ კომპანიას ადრე Gumpert-ი ერქვა და Apollo-ს სახელით, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ, მაგრამ საკმაოდ უშნო ავტომობილს უშვებდა. მერე გერმანული კომპანია გაკოტრდა და მის ადგილას ახალი კომპანია შეიქმნ, რომელმაც სახელად Apollo დაიტოვა. ამ სახელის მქონე სუპერ ავტომობილის ბაზაზე კი თავისი პირველი მოდელი, Arrow დაამზადა და ის პირველად ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა.
„ისარი“ ძველი „აპოლოსგან“ გარეგნულად ძლიერ განსხვავდება. აშკარაა, რომ მისი შემუშავებისას, დიდი ყურადღება დაეთმო აეროდინამიკას. სუპერ ავტომობილი ბევრი ისეთი ელემენტითაა აღჭურვილი, რომელთა დანიშნულებაც, ძარისთვის გარსშემოდენილი ფორმის მინიჭება და ბორბლებზე დინამიური დატვირთვის და შესაბამისად, მათი გზის საფართან ჩაჭიდების გაზრდაა. გაუმჯობესდა გაგრილების სისტემის ეფექტურობა. ასეთი რადიკალური ცვლილების მიუხედავად, ახალი ავტომობილიც, წინამორბედზე არანაკლებ აგრესიულად და რაც მთავარია, თანამედროვედ გამოიყურება.
Arrow კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ არქიტექტურაზეა აგებული. მისი გარეგნობაში აშკარადაა გამოკვეთილი ხასიათი – ეს ავტომობილი ექსტრემალური მართვის მოყვარულებისთვის არის შექმნილი. მას აქვს ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის სტილის კარები. ძრავი კი ბაზაში, კაბინის უკან არის განლაგებული. ასეთი შეთანწყობაც სუპერ ავტომობილების ჟანრს შეესაბამება და მოსახვევების სწრაფად და მდგრადად გავლის საშუალებას იძლევა.
Apollo Arrow აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბო კომპრესორიანი V8 ძრავით, რომელიც 1000 ცხენის ძალას (!) და 1000 ნიუტონმეტრს (!) გამოიმუშავებს. ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობით 7-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 2.9 წამი ჰყოფნის, ორასს 8.8 წამში აღწევს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 360 კმ/სთ-ია.
Apollo ამბობს, რომ Arrow-ს საგზაო სერტიფიკატი აქვს მიღებული და იმავდროულად, სრულად შეესაბამება FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) სტანდარტებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა სარბოლო სერიების ჰომოლოგაციის მიღება არ გაუჭირდება.
წყარო: SmartBox