• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Sunday, July 14, 2019

ავტომობილის ტრანსმისიის კომპიუტერული მართვის სისტემის დანიშნულება

ავტომობილის ტრანსმისიის კომპიუტერული მართვის სისტემის ამოცანების, ალგორითმებისა და ელემენტების მრავალფეროვნება განპირობებულია თავად ტრანსმისიის დანიშნულებისა და კონსტრუქციების მრავალფეროვნებით.

ტრანსმისია ლათინური სიტყვაა და რისამე გადაცემას ნიშნავს. ავტომობილთან მიმართებით იგი გულისხმობს ძრავას მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტის გადაცემას ავტომობილის თვლებზე. მაგრამ ავტომობილის ტრანსმისიის დანიშნულება ამით არ ამოიწურება: მან, მოძრაობის პირობების მიხედვით, უნდა ცვალოს გადაცემული მაბრუნი მომენტის სიდიდე; გაანაწილოს იგი წამყვან თვლებს შორის; საჭიროების შემთხვევაში შეწყვიტოს გადაცემის პროცესი, შემდეგ კი უზრუნველყოს მისი დაუბრკოლებლივი განახლება; შეუცვალოს ავტომობილს მოძრაობის მიმართულება და ბოლოს, უზრუნველყოს აღნიშნული ოპერაციების მაღალი სისწრაფე და კომფორტულობა.

თვლებზე მაბრუნი მომენტის გადაცემის პროცესის განხორციელება შეუძლებელია ენერგიის გარდაქმნის გარეშე. მაბრუნი მომენტის გადაცემის მეთოდისა და გარდაქმნილი ენერგიის სახეების მიხედვით ასხვავებენ ტრანსმისიის შემდეგ ტიპებს:

• მექანიკური ტრანსმისია, რომელიც გადასცემს და გარდაქმნის მექანიკურ ენერგიას. ესაა ტრანსმისიის ყველაზე გავრცელებული სახე თანამედროვე ავტომობილზე;

• ელექტრული ტრანსმისია, რომელიც მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად და, ამ უკანასკნელის თვლებზე გადაცემის შემდეგ, ელექტრულ ენერგიას ისევ მექანიკურში აღადგენს. ასეთი ტრანსმისიის მაგალითია წინა თავში აღწერილი ელექტრომობილის სისტემა, რომლის წამყვან თვლებს საკუთარი ელექტროამძრავები გააჩნია: რეკუპერაციის პროცესში მოძრაობის კინეტიკური ენერგია ელექტროენერგიად გარდაიქმნება და წევის აკუმულატორში გროვდება, რომელსაც თვლების ელექტროამძრავები ბრუნვის მექანიკურ ენერგიად გარდაქმნიან;

• ჰიდრომოცულობითი ტრანსმისია, რომელიც მექანიკურ ენერგიას სითხის ნაკადების ენერგიად გარდაქმნის და პირიქით. როგორც ქვევით ვნახავთ, ენერგიის ასეთი გარდაქმნა გავრცელებულია ავტომატურ ტრანსმისიაში, რომელშიც მაბრუნი მომენტის ცვლა სითხის ნაკადების ავტომატური მართვით ხდება;

• კომბინირებული ტრანსმისია - ელექტრომექანიკური ან ჰიდრომექანიკური, რომელსაც ჰიბრიდულსაც უწოდებენ. უკვე ასეთი კლასიფიკაცია გულისხმობს კომპიუტერული მართვის ალგორითმების მრავალფეროვნებას, მაგრამ ავტომობილის ტრანსმისიები ერთმანეთისაგან იმითაც განსხვავდება, თუ უშუალოდ რომელ თვლებს გადასცემენ ისინი ძრავას მაბრუნ მომენტს; ანუ, როგორც ამბობენ, ავტომობილის რომელი თვლებია ამძრავი. თუ მაბრუნი მომენტი ავტომობილის უკანა თვლებს გადაეცემა, ხოლო წინა თვლები უბრალოდ მიგორავს გზაზე, ტრანსმისიას უკანა ამძრავი ეწოდება. იოლი მისახვედრია, რომ ტრანსმისია შეიძლება იყოს აგრეთვე წინა ამძრავი და სრული ამძრავი (ამ უკანასკნელზე მაბრუნი მომენტი ყველა თვალს გადაეცემა). ცხადია, ჩამოთვლილი ტიპის ტრანსმისიები ერთმანეთისაგან განსხვავდება როგორც კონსტრუქციული ელემენტების ჩამონათვალით, ასევე ელექტრონული მართვის სისტემის მოწყობილობითაც. ამ სხვაობის უკეთ გასაგებად ქვემოთ მოცემულია ავტომობილის ტრანსმისიის ზოგადი აგებულება სრული ამძრავის მაგალითზე.

ტრანსმისია ფაქტიურად ძრავას მქნევარადან იწყება, რომელზეც დამაგრებულია გადაბმულობის ქურო. ამ უკანასკნელის დანიშნულებაა: მქნევარადან გადასცეს მაბრუნი მომენტი გადაცემათა კოლოფში შემავალ პირველად ლილვზე; საჭიროების შემთხვევაში (მაგ., გადაცემათა ცვლისას) ხანმოკლე დროით გათიშოს ერთმანეთისაგან ძრავა და ტრანსმისია, ანუ შეაჩეროს მაბრუნი მომენტის გადაცემის პროცესი; უზრუნველყოს ამ პროცესის მდოვრე (ბიძგების გარეშე) და სწრაფი აღდგენა. გადაბმულობის ქუროს შეიძლება ჰქონდეს მექანიკური, ჰიდრავლიკური ან ელექტრული ამძრავი. მთლიანობაში იგი ტრადიციულად მექანიკური მოწყობილობაა, მაგრამ ბოლო ხანებში კომპანია Bosch-მა ელექტრული გადაბმულობის ქუროც დააანონსა. ცხადია, როგორც ელექტრული, ასევე ელექტროამძრავიანი გადაბმულობის ქურო კომპიუტერულად იმართება, მაგრამ მათი მართვის პროცესი განუყოფელია გადაცემათა კოლოფის მართვის პროცესისაგან. ამიტომ ტრანსმისიის ამ ორი უმნიშვნელოვანესი ელემენტის კომპიუტერული მართვის პრინციპებს ქვევით ერთობლივად განვიხილავთ.

                                         სრულამძრავიანი ავტომობილის ტრანსმისიის სქემა 
1-წინა თვლებსშორისი დიფერენციალი; 2-გადაცემათა კოლოფი; 3-ღერძთაშორისი დიფერენციალი; 4-კარდანული გადაცემა; 5-უკანა ღერძის მთავარი გადაცემა; 6-უკანა თვლებსშორისი დიფერენციალი; 7-გამანაწილებელი კოლოფი; 8-წინა კარდანული გადაცემა; 9-წინა ღერძის მთავარი გადაცემა; 10-ვისკოქურო

ტრანსმისიის უმთავრესი ელემენტი არის გადაცემათა ცვლის კოლოფი. მისი დანიშნულებაა: გადაცემათა რიცხვის ცვლილების მეშვეობით შეცვალოს თვლებზე გადასაცემი მაბრუნი მომენტის სიდიდე და, შესაბამისად, ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე; უზრუნველყოს ძრავასა და ტრანსმისიის ურთიერთგათიშვა, ოღონდ უკვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში (ე.წ. „ნეიტრალური გადაცემა“), აგრეთვე ავტომობილის მოძრაობა უკანა მიმართულებით („რევერსი“). სხვადასხვა კოლოფში გადაცემათა რიცხვის ცვლაც სხვადასხვა მოწყობილობების საშუალებით ხორციელდება. ისეთ კოლოფს, რომელშიც გადაცემათა რიცხვის ცვლა საფეხურებრივად, სხვადასხვა გადაცემათა რიცხვის მქონე კბილანათა წყვილების რიგ-რიგობით ჩართვით ხდება, გადაცემათა ცვლის მექანიკურ კოლოფს უწოდებენ. თუ მექანიკურ კოლოფში გადაცემათა ცვლის პროცესი ელექტრონულად მართულია, მაშინ მას ავტომატიზებულ მექანიკურ კოლოფს ან სულაც რობოტს უწოდებენ. პრინციპულად სხვაგვარი აგებულებისაა გადაცემათა ცვლის ავტომატური კოლოფი, რომელშიც გადაცემათა რიცხვის ცვლა პლანეტარული გადაცემის (რედუქტორის) მეშვეობით ხდება და ეს პროცესი სრულად ავტომატიზებულია. ვარიატორში მაბრუნი მომენტის გადაცემა ღვედური/ჯაჭვური გადაცემით ხორციელდება, ხოლო გადაცემათა რიცხვის ცვლის პროცესი უსაფეხუროდ, მდოვრედ მიმდინარეობს. 

გადაცემათა კოლოფიდან მაბრუნი მომენტი მეორადი ლილვის საშუალებით გამოიყვანება და, კარდანული გადაცემის მეშვეობით, ავტომობილის ღერძებზე მიიყვანება. ამ უკანასკნელს ძალუძს მაბრუნი მომენტის კუთხით (დახრილად) გადაცემა. კარდანული ლილვებიდან მაბრუნი მომენტი გადაეცემა მთავარ გადაცემას, რის შემდეგაც, დიფერენციალისა და თანაბარი კუთხური სიჩქარის სახსრების საშუალებით, ერთ ღერძზე განლაგებულ თვლებს შორის გადანაწილდება. დიფერენციალი საშუალებას აძლევს თვლებს, იბრუნონ სხვადასხვა სიჩქარითა და ძალით. სრულამძრავიან ავტომობილზე არსებობს აგრეთვე ღერძთაშორისი დიფერენციალიც, ანუ მაბრუნი მომენტი ღერძებს შორისაც ნაწილდება, რასაც გამანაწილებელი კოლოფი უზრუნველყოფს. 

მოძრაობის გარკვეულ პირობებში საჭირო ხდება დიფერენციალის გახისტება, რათა ორივე თვალმა ან ღერძმა ერთნაირი სიჩქარით იბრუნოს. ამას დიფერენციალის მოდულირება ჰქვია. ღერძთაშორისი დიფერენციალის მოდულირება ხორციელდება მითითებული ვისკოქუროს, დიფერენციალის (Torsen) ან მრავალდისკოიანი ქუროს მეშვეობით. თვლებთაშორის დიფერენციალებს რაც შეეხება, თანამედროვე მსუბუქ ავტომობილებზე, მექანიკური მოდულირების გარდა გამოიყენება მათი ელექტრული მოდულირებაც, რასაც ელექტრული დიფერენციალი ეწოდება.

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ავტომობილზე სრული ამძრავის ჩართვა-ამორთვა შესაძლებელია მოძრაობის პირობების მიხედვით. ასეთი მანევრი, მექანიკური ან ელექტროამძრავების მეშვეობით, შეიძლება განახორციელოს მძღოლმა სალონიდან ან მართვის ელექტრონულმა მოდულმა - ავტომატურად. ყოველივე ზემოთქმულიდან ჩანს, რამდენად საპასუხისმგებლოა თანამედროვე ავტომობილზე ტრანსმისიის საიმედო, კომფორტული და სწრაფი მართვა, აგრეთვე მისი ესოდენ მრავალფეროვანი ელემენტების საბორტო დიაგნოსტიკა. სწორედ ამისკენაა მოწოდებული ტრანსმისიის კომპიუტერული მართვის სისტემა, რომლის უმთავრესი ობიექტი, ცხადია, არის გადაცემათა კოლოფი.

Friday, April 19, 2019

FCA 320.000 Dodge Dart-ს უკან იწვევს


დღეს Fiat Chrysler-მა განაცხადა 320.000 Dodge Dart-ის უკან გაწვევაზე, რომელსაც ტრანსმისიაზე - კერძოთ გადაცემათა კოლოფზე აქვს პრობლემა. 

უფრო კონკრეტულად, დეფექტურ სავიბრაციო იზოლატორში შემავალი კაბელი შეიძლება გათავისუფლდეს და გადაცემათა კოლოფიდან განცალკევდეს. რასაც მოყვება სიჩქარისა ან/და პარკინგში არ გადართვა და ავტომობილის დაგორება. 

კომპანიის განმარტებით პრობლემა კაბელის იზოლატორშია, რომელიც შესაძლოა დეგრადირდეს ხანგძლივი გარემო სითბოს გამოყოფის ან ტენიანობის მიზეზით.

აღნიშნული გაწვევა ეხება 298.000 შტატების, 20.117 კანადის, 3.400 მექსიკის და 900 ჩრდილო ამერიკის გარეთ მყოფი 2013 წლიდან 2016-მდე მყოფ მოდელებს, რომლებსაც ავტომატური გადაცემათა კოლოფი გააჩნიათ.

კომპანიას ჯერ-ჯერობით არ უთქვამს თუ როდის დაიწყება შეკეთება. მანამ კი, მფლობელებს ურჩევს დარწმუნდნენ, რომ ძრავას გათიშვის შემდეგ ხელის მუხრუჭი არის მოქმედებაში მოყვანილი.

აღნიშნული შეკეთების სერვისი სრულიად უფასო იქნება.

Thursday, April 11, 2019

Acura-ს ახალი მოდელი NSX-ის გვერდით აიწყობა


დღეს დღეისობით, როდესაც დღეს ავტომობილების 99.9%-ს რობოტები აწყობენ, Acura-მ გადაწყვიტა მისი  მომდევნო ორი მოდელი: TLX-სა და MDX-ის ხელით აწყობა Honda-ს PMC ცენტრში (Performance Manufacturing Center), ახალი NSX-ის გვერდით მერისვილში, ოჰაიოში. მანამდე კი, მომდევნო კვირას აღნიშნული მოდელების პროტოტიპებს ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუზე წარადგენს. 


TLX PMC A-Spec ვერსია მიიღებს ისეთ ოფციებს როგორებიცაა: კამერების განლაგებას, წინა სავარძლების გათბობა/გაგრილებას, უკანა სავარძლებისა და საჭის გამათბობელს; ტყავის ან/და ალკანტარას სავარძლებს; შავ ტყავის საჭეს, ჭერს; წითელ სამუშაო პანელს, ამავე ფერის განათებით და ელექტრონულად დასაკეც სარკეებს. 

ექსტერიერის მხრივ, განახლებულ წინა ბამპერს; გადიდებულ მაყუჩს; შავ სპოილერს, ჭერს, სახელურებს, ცხაურს ბამპერის ქვედა ნაწილს და 19 ინჩიან 10 ქიმიან დისკებს. ძარა კი ექსკლუზიურად წითელ ფერში შეიღებება, რომელიც იყენებს "თოვლის ფიფქების მაგვარ" პიგმენტებს, რაც აქამდე მხოლოდ NSX-ის ოფცია იყო.


ძალურ აგრეგატად V ტიპის 6 ცილინდრიან 3.5 ლიტრი მოცულობის ძრავაა გათვალისწინებული 290 ცხენის ძალით, რომელიც 9 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემასთან იქნება შეწყვილებული, ასევე კომპანიის საფირმო ნიუტონმეტრზე ორიენტირებულ სრულ ამძრავიან სისტემას SH-AWD (Super-Handling All-Wheel Drive), მყარ ამორტიზატორებს და უფრო სწრაფ საჭის მანევრირების კოეფიციენტს.


ხელით აწყობის მიზეზით, წარმოება მყისიერად ლიმიტირებულია და მხოლოდ 720 ერთეული დამზადდება 6 თვიანი ინტერვალებით (360 TLX, 360 MDX), წინასწარი ღირებულება 50.000 დოლარი.

Sunday, March 17, 2019

ფორმულა 1: გრან პრი 2019


                                  2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

1) ავსტრალია

2) ბაჰრეინი


3) ჩინეთი

4) აზერბაიჯანი

5) ესპანეთი


Sunday, February 17, 2019

ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია


თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქციის უმნიშვნელოვანესი ელემენტია საბორტო კომპიუტერი. იგი ორი სახისაა: უნივერსალური და ვიწროდ სპეციალიზირებული. პირველის დანიშნულებაა სხვადასხვა (მათ შორის გასართობი და ინტერნეტის) ინფორმაციების მოწოდება. ვიწროდ სპეციალიზირებულ კომპიუტერებს მიეკუთვნებიან: სამარშრუტე, სერვისის, ანუ სადიაგნოსტიკო, და მართვის კომპიუტერები.  

სამარშრუტე კომპიუტერი მძღოლს დისპლეის მეშვეობით აწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას: 
• საწვავის მიმდინარე ხარჯი; 
• საწვავის საშუალო ხარჯი; 
• გაზომვის დაწყებიდან საწვავის აბსოლუტური ხარჯი; 
• მოძრაობის საშუალო სიჩქარე;
• მოძრაობის დაწყებიდან განვლილი მანძილი; 
• საწვავის ჩამატებამდე დარჩენილი სვლის მარაგი; 
• წამზომის მონაცემები, ანუ მოძრაობის დაწყებიდან გასული დრო (ეს მონაცემი ძრავას ყოველი ჩაქრობისას იშლება, ხელახალი გაშ- ვებისას კი დროის ათვლა თავიდან იწყება); 
• სალონს გარეთ ჰაერის ტემპერატურა. 

მართვის კომპიუტერი სხვადასხვა მართვის სისტემებისა და მათი კონტროლერების ერთობლიობაა. რაც შეეხება დიაგნოსტიკის კომპიუტერს, იგი, როგორც დამოუკიდებელი დანადგარი, ძლიერ იშვიათად გვხვდება. როგორც წესი, ესაა ფუნქცია, რომლითაც აღჭურვილია სხვადასხვა მართვის სისტემები და მათი კომპიუტერები (კონტროლერები). დიაგნოსტიკის კომპიუტერი გაერთიანებულია დიაგნოსტიკის სკანერთან.

სპეციალისტები ცდილობენ, ყველა ეს კომპიუტერი და ფუნქცია ერთ მძლავრ ცენტრალურ კომპიუტერში გააერთიანონ. ამან თითქოს უნდა გააადვილოს ავტომობილის ტექნიკური სისტემის მომსახურება და ექსპლუატაცია. მაგრამ აქ წარმოიშვება მნიშვნელოვანი პრობლემა: თუ ცენტრალური კომპიუტერი გაფუჭდა, მძღოლი ერთბაშად კარგავს ყველა ინფორმაციას. ამიტომ ვიწროდ სპეციალიზირებულ საბორტო კომპიუტერებს საიმედოობის მხრივ ჯერ-ჯერობით ალტერნეტივა არა აქვთ.

საბორტო კომპიუტერის ერთ-ერთი ფუნქციაა, შეატყობინოს მძღოლს სისტემაში მომხდარი უწესივრობის შესახებ აუდიოსიგნალის ან სასიგნალო ნათურების მეშვეობით, რომელთა უმეტესობა განლაგებულია ხელსაწყოთა პანელზე ან ხელსაწყოთა კომბინაციაში. ამრიგად, აღნიშნული ნათურები ბორტზე მომხდარი დაზიანებების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან. ქვემოთ, ცხრილში 5.1 მოტანილია ზოგი სასიგნალო ნათურის პირობითი აღნიშვნა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ახსნა.

სისტემებში წარმოქმნილი უწესივრობების შესახებ გარკვეული ინფორმაცია საბორტო კომპიუტერის საინფორმაციო დისპლეიზეც გამოისახება. ასეთ ინფორმაციებს განეკუთვნება: მუშა სითხეების (საზეთი, გამაგრილებელი და სამუხრუჭე სითხეები და ა.შ.) დონე, წინა თვლების სამუხრუჭე ხუნდების ფრიქციული საფენების სისქე, გარე განათების ძირითადი ხელსაწყოების მდგომარეობა, საბორტო ელექტროგაყვანილობისა და ელექტრული წრედების მდგომარეობა. დაბლა მოყვანილია სასიგნალო ნათურებისა და ინდიკატორების პირობითი აღნიშვნები და მათი ახსნა.

ფარების ოპტიკური ღერძების დახრილობის ავტომატური რეგულირების საკონტროლო ნათურა; იგი ძრავას გაშვებიდან რამდენიმე წამში უნდა ჩაქრეს. თუ მოძრაობის დროს იგი ინთება, ფარების რეგულირების სისტემა დაზიანებულია და საჭიროა მივმართოთ ავტოსერვისს.


ეს ნათურა მძღოლს აფრთხილებს უსაფრთხოების ღვედების წინადამჭიმველებისა და ბალიშების მართვის ელექტრულ ქსელებში დაზიანებათა შესახებ.

საკონტროლო ნათურა „არ დაივიწყო ღვედის შეკვრა!“. იგი ძრავას გაშვებისას 1-2 წამით ირთვება და თან ხმოვანი სიგნალიც ახლავს.

სამუხრუჭე სისტემის/გადაბმულობის ქუროს ჰიდროამძრავის საკონტროლო ნათურა. იგი სამუხრუჭე სისტემის მთავარ ცილინდრში ან გადაბმულობის ქუროს ჰიდროამძრავის ცილინდრში მუშა სითხის ნაკლებობაზე მიანიშნებს. თუ ნათურა ჩართული ანთების დროსაც ანათებს, ხელის მუხრუჭის ჩაწევის ხარისხიც უნდა შემოწმდეს.

ელექტრული მართვის მქონე გაგრილების სისტემის საკონტროლო ნათურა. იგი ძრავას გაშვების შემდეგ რამდენიმე წამში უნდა ჩაქრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებია ძრავას გაგრილების ან კონდიცირების სისტემებში.

დიზელის ძრავაში ჰაერის წინასწარი შეთბობის მაჩვენებელი ნათურა. ჩაირთვება ცივ ამინდში ძრავას გაშვების შემდეგ, რამდენიმე წამით.

ძრავას, ავტომატური ტრანსმისიისა და გაშვების მოდულირების მართვის ელექტრონული სისტემების საკონტროლო ნათურაც ძრავას გაშვების შემდეგ უნდა ჩაქრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოთვლილ სისტემებში პრობლემებია. ამ შემთხვევაში მოძრაობის პროცესში მართვის ავარიული სისტემები ჩაირთვება, ამას კი თან სდევს საწვავის ხარჯის ზრდა და ძრავას სიმძლავრის დაცემა. ამ დეფექტს ხანდახან ძრავას მცირე ხნით გამორთვა და შემდეგ ხელახალი გაშვება შველის. თუ ანთების ჩართვისას ნათურა გაელვების რეჟიმში მუშაობს, უწესივრობაა ანთების მოდულირების სისტემაში. ამ დროს საჭიროა გასაღების უკიდურეს მარცხენა პოზიციაში ჩაყენება და საკეტიდან გამოღება, შემდეგ კი ძრავას ხელახლა გაშვება.

აკუმულატორების ბატარეის დამუხტვის საკონტროლო ნათურა. თუ ნათურა ძრავას დაქოქვის შემდეგ არ ჩაქრა ან მოძრაობაში აინთო, ავტომობილი უნდა გაჩერდეს, ანთება უნდა გამოირთოს და უპირველესად შემოწმდეს გენერატორის ამძრავი ღვედის დაჭიმულობა ან გენერატორის დამაგრება.

საკონტროლო ნათურა „შეამოწმეთ ძრავა (MIL)!”. გაშვების შემდეგ მისი ნათებისას ძრავა ბრუნთა დაბალ რიცხვებზე უნდა იქნეს გადაყვანილი და ავტომობილი ასე უნდა მივიყვანოთ სერვისის ობიექტამდე.

ზეთის წნევის საკონტროლო ნათურა თუ გაშვების შემდეგ არ ჩაქრა, ძრავა უნდა გამოირთოს და შემოწმდეს ზეთის დონე კარტერში.

წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარების მუშაობის ინდიკატორი


შორი ნათების ფარების მუშაობის ინდიკატორი

უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარების მუშაობის ინდიკატორი


მოხვევის მაჩვენებლების ინდიკატორები

ავტომატური ტრანსმისიის სპორტულ რეჟიმში გადაყვანის საკონტროლო ნათურა.

თვლების აცურებისა (TCS) და დინამიკის სტაბილიზაციის (ESP) სისტემების საკონტროლო ნათურა ძრავას გაშვების შემდეგ უნდა ჩაქრეს.

მუხრუჭების ანტიმოდულირების სისტემის (ABS) საკონტროლო ნათურა. მის გარდა, ამ სისტემას თვითდიაგნოსტიკის ჩამონტაჟებული მოდულიც აქვს, რაც დაზიანების აღმოჩენას აადვილებს. თუ მოძრაობაში (ABS), და (TCS)/(ESP) ნათურები ერთდროულად აინთო, აუცილებელია ავტომობილის გაჩერება.

საწვავის მარაგის საკონტროლო ნათურა. გვაფრთხილებს, რომ დაუშვებელია საწვავის ბოლომდე დახარჯვა.

მისაბმელზე მოხვევის მაჩვენებლების საკონტროლო ნათურა. იგი ავტომობილის მოხვევის მაჩვენებელთან ერთად, გაელვების რეჟიმში, მუშაობს.

მგზავრის წინა სავარძლის დაკავების რეგისტრაციის საკონტროლო ნათურა. იგი არა ხელსაწყოთა პანელზე, არამედ წინა გამნათებელზე დგება. თუ სავარძლის დაკავებისას ნათურა არ ჩაქრა, წინა სავარძლიდან ბავშვი უნდა გადავსვათ, რადგან შეიძლება არ ამუშავდეს უსაფრთხოების ბალიში.

გაბარიტული ნათურების ჩართვის ინდიკატორი

 გაბარიტულ ნათურებს ემატებათ ახლო ნათების ნათურები

სალონის იძულებითი განათების ინდიკატორი. განლაგებულია გარე განათების ხელსაწყოების მართვის გადამრთველის ქვეშ.

კარების გაღების ინდიკატორი

პარკინგის მუხრუჭის ჩართვის ინდიკატორი
თვლების სალტეებში წნევის კონტროლის ინდიკატორი


ანთების ჩართვისთანავე კონტროლის სისტემა ყველა ფუნქციის ავტომატურ შემოწმებას იწყებს. ამ დროს დისპლეის ეკრანზე გამოიყვანება წარწერა CHECK. თუ დარღვევა აღმოჩენილი არ არის, 4 წამის შემდეგ ეს წარწერა ქრება.

მაგალითისთვის: ასე გამოიყურება Ford S Max-ის თვითდიაგნოსტიკა

ინფორმაცია სისტემებში აღმოჩენილი უწესივრობების შესახებ ეკრანზე ავტომატურ რეჟიმში, ერთი-მეორის მიყოლებით, ინთება და ქვრება. ტიპიური შეტყობინებებია:

• Brake light switch - „სდექ-სიგნალი“ არ ინთება;
• Safeguard check - გამორთულია გატაცების საწინააღმდეგო სიგნალიზაცია;
• Tyre pressure - შესამოწმებელია წნევა საბურავებში;
• Attention! Rear left tyre pressure loss - ყურადღება! უკანა მარცხენა საბურავში წნევა დაცემულია (ასეთივე წარწერა სხვა საბურავებისთვისაც შეიძლება გაჩნდეს);
• Oil level - გასაზომია ზეთის დონე ძრავის კარტერში;
• Oil lack - კარტერში ზეთის ნაკლებობაა;
• Coolant level - შესამოწმებელია გამაგრილებელი სითხის დონე;
• Brake pad - სამუხრუჭე ხუნდების ფრიქციული საფენები გაცვეთილია;
• Brake Lamp Fuse - დამუხრუჭების სიგნალების დამცველი გადამწვარია;
• Headlight/Taillight - დაზიანებაა წინა/უკანა ნათების ხელსაწყოებში. საზოგადოდ, საინფორმაციო დისპლეის ეკრანზე გამოტანილი ასეთი შეტყობინებები სამ ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

1. საინფორმაციო შეტყობინებები: 
• Parking brake on - ჩართულია პარკინგის ელექტრომუხრუჭი;
• Checking control fault - ანთების ჩართვა;
• Traction control off - გათიშულია ASR სისტემა;
• Turn steering wheel START - საჭის მექანიზმის განბლოკვისათვის, ანთების ჩართვისას, საჭე ოდნავ უნდა შემობრუნდეს;
• No message memorized - დარღვევების შესახებ საბორტო კომპიუტერის მეხსიერებაში მონაცემები არ არის;
• Steering wheel not locked - საჭის მექანიზმი განმოდულილია;
• Battery low start engine - საჭიროა ძრავას გაშვება აკუმულატორების ბატარეის დასამუხტავად;
• Stop vehicle - პარკინგის ელექტრომუხრუჭი გაუმართავია.

2. შეტყობინებები უწესივრობების შესახებ ეკრანზე ხელსაწყოთა კომბინაციაში ჩამონტაჟებული სასიგნალო ნათურის (Check Engine) ნათების თანხლებით ჩნდება. რამდენიმე წამის შემდეგ ეს წარწერები ეკრანიდან მეხსიერებაში გაიგზავნება, მაგრამ თუ ნათურა ნათებას განაგრძობს, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა სერვისის ობიექტში წასვლა:

• Clean diezel filter - დიზელის საწვავის ფილტრში წყალია (რაც სერიოზული უწესივრობაა);
• Check lighting - ფარების გაუმართაობა;
• Check Vehicle - სატერფულების, აკუმულატორის ან ზეთის დონის სენსორის გაუმართაობა;
• Check airbag - უსაფრთხოების ბალიშის გაუმართაობა:
• Check injection - უწესივრობა შეფრქვევის სისტემაში. საერთოდ, ამ წარწერაზე შესამოწმებელია ძრავა.

3. გამაფრთხილებელი შეტყობინებები: 
• Engine system hazard - შეფრქვევის სისტემის დაზიანება/ძრავას გადახურება;
• Braking system fault - სამუხრუჭე სისტემის დაზიანება;
• Power steering fault/Risk of steering locking - მართვის სისტემის დაზიანება;
• Parking brake fault/Stop vehicle - პარკინგის ელექტრომუხრუჭის დაზიანება;
• Battery charging fault - დამუხტვის წრედის დაზიანება;
• Puncture - გახვრეტილია საბურავი, და სხვა.

Monday, February 11, 2019

Toyota Racing Development-მა Supra განაახლა


TRD 7 მარტს არ ელოდება (ჟენევას აუტო შოუს გახსნას) და Osaka Auto Messe-ზე (იაპონური ავტო შოუ) მათ მიერ გაუმჯობესებული ახალი Supra წარადგინა. 

ავტომობილს შემოსდა ახალი კარბონის გვერდითა ქვედა პანელებით, სპოილერით, გარნირებით (კარებებზე) და ალუმინის 19 ინჩიანი დისკებით. ყოველივე ეს როგორც ამბობენ, გააუმჯობესებს აეროდინამიკას. ძრავა, დაკიდება და გადაცემათა კოლოფი ხელუხლებელი დარჩა.


შესაბამისად, ძრავთა გამა ისევ იგივე რჩება: BMW-ს I ტიპის 6 ცილინდრიანი 3.0 ლიტრი მოცულობის ტყუპ ტურბოდამჭირხნიანი,  335 ცხენის ძალითა და 450 ნიუტონ მეტრით; ასევე, 2.0 ლიტრი მოცულობის ტურბოდამჭირხნით: 197 ცხენის ძალით, 319 ნიუტონ მეტრით და 255 ცხენის ძალითა და 399 ნიუტონ მეტრით. უკანასკნელი ორი,  ევროპისთვის და შტატებისთვის დადასტურებული არ არის.