პრეზენტაციის დროს, ამერიკული კომპანიის აღმასრულებელმა ელონ მასკმა განაცხადა, რომ Model 3-ის საბაზო ვერსია 35 000 დოლარი ეღირება, ტოპ ვერსიების მყიდველს კი 50-60 ათასის გადახდაც მოუწევს. ამ ავტომობილს ხუთი ადამიანის კომფორტულად გადაყვანა შეუძლია. საბაზო ვერსიის სვლის სიშორე 350 კილომეტრამდე იქნება და მისი გაყიდვები 2017 წელს დაიწყება.
პრეზენტაციაზე, ახალი ავტომობილის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაცია გავრცელდა. ადრე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ Model 3 აიგებოდა Model S-ის მოდიფიცირებულ პლატფორმაზე. მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ მომცრო სედანისთვის ახალი შასი მოემზადებინათ. წარდგენის მიუხედავად, Model 3-ის ტესტები ჯერაც არ დასრულებულა. მასკი მის მყიდველს პირდება, რომ ეს იქნება თავის კლასში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი და ის NHTSA-ს ყველა კატეგორიაში უმაღლეს, ხუთვარსკვლავიან შეფასებას დაიმსახურებს.
მასკმა ასევე განაცხადა, რომ Model 3-ის საბაზო ვერსია, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 6.0 წამზე ნაკლებში მოასწრებს, ტოპ ვერსია კი იმავე აჩქარებას დაახლოებით ოთხ წამს მოანდომებს. მაქსიმალურ სიჩქარეზე მას არაფერი უთქვამს.
გარდა ამისა, ავტომობილი სადა ინტერიერით გამოირჩევა. იქ საჭის გვერდზე, დიდი ზომის ტაბლეტი განლაგდა, რომლითაც ავტომობილის სისტემების მართვა და სისტემების მდგომარეობის კონტროლია შესაძლებელი. სახურავი პანორამულია. მასკი ირწმუნება, რომ Model 3-ის სტანდარტულ ეკიპირებაში, ავტონომიური მართვის სისტემებიც შევა.
წყარო: SmartBox