AUTO BILD გარბენის ჩამომყრელს კლიენტის სტატუსითა და ფარული კამერით ესტუმრა
ჩვენი რედაქციის Mercedes C-კლასით კიოლნის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ვაიდენში, მთავარ ქუჩაზე გავჩერდი. აქ ცხოვრება დუღს – ქუჩაში ბევრი ხალხია, მანქანების მოძრაობა არ წყდება და აბსოლუტურად ვერავინ წარმოიდგენს იმას, რომ სულ ცოტა ხანში აქ, პირდაპირ ბორდიურზე, სადაც ხალხი ფეხით დადის, დანაშაული მოხდება. უბრალო კი არა, სერიოზულ დანაშაულს ვგულისხმობთ, რისთვისაც კანონი თავისუფლების ერთი წლით აღკვეთას ითვალისწინებს: ამ ავტომობილის გარბენი მინდა ჩამოვაყრევინო.
რაკი პოლიციამ შემაშფოთებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ გერმანიაში ყოველი მესამე მეორადი ავტომობილი ჩამოყრილი გარბენით იყიდება, AUTO BILD-ში გადავწყვიტეთ, შევამოწმოთ, რამდენად მარტივად ხდება გარბენის ჩამოყრა. ჩვენი C-კლასი კი ამისათვის სწორედ რომ ზედგამოჭრილია: ამ მანქანამ ბოლო ოთხ წელიწადში 225 000 კილომეტრი გაიარა და მიუხედავად ამისა, გარეგნულად ძალიან კარგად, ახალივით გამოიყურება. მინდა, რომ 140 000 კილომეტრი ჩამოყარონ, მერე კი მანქანას კარგ სპეციალისტს მივუყვან – მაინტერესებს, შეამჩნევს თუ არა, რომ კილომეტრაჟი თითქმის ორი მესამედითაა მანიპულირებული.
ანდრეასს (სახელი შეცვლილია რედაქციის მიერ), რა თქმა უნდა, ინტერნეტში მივაგენით. ვებ-გვერდზე მას ტახომეტრის შეკეთებისა და ჩიპტიუნინგის სერვისი ჰქონდა შემოთავაზებული. ანდრეასთან ერთი ზარიც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დავრწმუნებულიყავით, გარბენის ჩამოყრაც რომ შეეძლო. მერე, ტექსტური შეტყობინებით მისამართი გამოგვიგზავნა – ჰამბურგიდან კიოლნში გავხდით წასასვლელები.
"ხალხი ფიქრობს, რომ გარბენების ჩამოყრა საიდუმლო ეზოებში, ხელით შეკოწიწებული აპარატებით ხდება ხოლმე. არადა, ასე არ არის: დამნაშავეები პროფესიონალურად მუშაობენ და გარბენის ჩამოყრისთვის ლეპტოპებს იყენებენ,“ - აცხადებს მიუნხენის კრიმინალისტიკური პოლიციის გამოძიების განყოფილების უფროსი ალექსანდერ ჰარტინგერი.
მართლაც: ანდრეასი პირდაპირ ქუჩაში შეგვხვდა და გარბენის ჩამოყრასაც ბორდიურზე შეუდგა. მისი აჭღურვილობა: უახლესი ლეპტოპი და თანამედროვე აპარატი სენსორული ეკრანით. რამდენიმე წლის წინათ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული აპარატი იყო – 14 000 ევრო ღირდა. მიუხედავად ამისა, მაინც კარგად იყიდებოდა და თანაც, აბსოლუტურად ლეგალურად, რადგან ამ აპარატის ქონა აკრძალული არ არის.
ესეც გარბენის ჩამომყრელი აპარატი
„ამ აპარატით მანიპულატორები ძალიან ბევრ ფულს შოულობენ, - ამბობს ჰარტინგერი – ერთი მანიპულატორი საშუალოდ დღეში სამ ავტომობილს უყრის გარბენს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვეში დაახლოებით 10 000 ევროს შოულობს. გამოდის, რომ ინვესტირებული 14 000 ევრო თვენახევარში ამოღებულია, მერე კი მოგებაზე მიდიხარ.“
ჰარტინგერის გამოცდილებით, ტაქსისა და ავტომობილების გაქირავების კომპანიები ხშირად სხვა მეთოდს მიმართავენ: ისინი იყენებენ ე.წ. „კილომეტრ-ფილტრს“, გაცილებით იაფ საშუალებას, რომელიც ელექტროობაში ერთვება და კილომეტრაჟს ასევე უპრობლემოდ ყრის, უბრალოდ, შედარებით მეტი დრო ჭირდება, ვიდრე ამ აპარატს.
ანდრეასმა თავისი კომპიუტერი ჩვენი „მერსედესის“ მძღოლის ფეხების განყოფილებაში, ერთ-ერთ შესაერთებელში მიაერთა, მერე სასურველი გარბენი ჩაწერა და რამდენიმე წუთი დაელოდა.
„ჰამბურგიდან ჩამოხვედი, არა? – მეკითხება გაღიმებული სახით, - გრძელი გზა გამოგივლია. ისე, ცოტა ხნის წინ ერთი კლიენტი მყავდა, „სმარტით“ ბერლინიდან ჩამოვიდა. სხვათა შორის, რატომ გინდა გარბენის ჩამოყრა? მანქანას ყიდი? ჯობია, უცხოეთში გაყიდო, თორემ აქ შეიძლება მიხვდნენ, რომ ჩამოყრილია...“ - ამ დროს კომპიუტერმა დაიწრიპინა, ტახომეტრმა კი სასურველი კილომეტრაჟი აჩვენა: 84 739. ანდრეასი კმაყოფილია: „ესეც ასე!“
ანდრეასმა გვითხრა, რომ „მერსედესის“ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო, რადგან Software-Update-ის შემთხვევაში, შეიძლება, ძველი გარბენი დაბრუნდეს, რადგან ორიგინალი კილომეტრაჟი C-კლასის მეხსიერებაში მაინც ინახება. ანდრეასმა ამისათვის 100 ევრო გამოგვართვა – სხვა მანქანა რომ გვყოლოდა და ძველი გარბენის დაბრუნების საფრთხე რომ არ ყოფილიყო, 500 ევროს აიღებდა.
ანდრეასი მხოლოდ და მხოლოდ პატარა თევზია, მანიპულატორები კი ხშირად მაფიოზურ სტრუქტურებს ქმნიან. მიუნხენის პოლიციამ მარტში მეორადი ავტომობილების 150 დილერი შეამოწმა და 26-ში დარღვევების კასკადი აღმოაჩინა. ჰარტინგერის თქმით, მარტო მარტში 200 გარბენ-ჩამოყრილი მანქანა და ერთი მილიონი ევრო აღმოაჩინეს. მიუნხენში აღმოჩენილი დანაშაულების ფესვების ნაწილი ავსტრიაში, ნაწილი ბულგარეთში, ნაწილი და შვეიცარიაშია. გარბენს ყრიან როგორც უბრალო ავტომობილებში, მაგალითად Volkswagen Golf-ში, ისე ძვირადღირებულ მანქანებში, როგორებიცაა „მერსედესი“, „პორშე“ და ა.შ. იმის გამო, რომ გარბენის ჩამოყრა ძალიან მარტივად ხდება, კონტროლი და დანაშაულის აღკვეთა ფაქტობრივად შეუძლებელია.
ეს შედარებით იაფფასიანი ჩამომყრელია, ე.წ. "კილომეტრების ფილტრი"
200 გარბენჩამოყრილი მანქანის შემთხვევაში, მიუნხენის პოლიციამ საშუალოდ ერთ ავტომობილზე ფასის 3 400-ევროიანი ნაძალადევი ნამატი დააფიქსირა. სტატისტიკის მიხედვით, გერმანიაში წელიწადში ჩამოყრილი გარბენით 2 მილიონი ავტომობილი იყიდება. შედეგად ცხადი ხდება, რომ მყიდველები წელიწადში დაახლოებით 6.8 მილიარდი ევროთი მეტს იხდიან...
დავბრუნდით ჰამბურგში და გარბენჩამოყრილი „C-კლასი“ ექსპერტ ტორსტენ ქენბლის მივუყვანეთ. შეგახსენებთ, რომ მანქანის რეალური გარბენი 225 000 კილომეტრია, ახლა კი, ტახომეტრი 84 739 კილომეტრს გვიჩვენებს. ტორსტენი ჯერ სალონს ამოწმებს, მერე კი კაპოტქვეშ დეტალებს აკვირდება.
„მჯერა, რომ ამ მანქანას დაახლოებით 100 000 კილომეტრი აქვს გავლილი. საჭესა და სატერფულებზე ტიპიური ცვეთაა,“ - გვეუბნება ტორსტენი...
მოკლედ, ამ მანქანის გაყიდვა რომ მინდოდეს, კარგ ფულს ვიშოვნიდი. რეალური გარბენით ამ „C-კლასს“ 5 000 ევროდ შემიფასებდნენ, მანიპულაციის შემდეგ კი მისმა ფასმა 4 000 ევროთი მოიმატა. მეორე დღეს ანდრეასს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით და შეხვედრა ვთხოვეთ – პირდაღებული გვიყურებდა, როცა მეორე 100 ევრო იმაში გადავუხადეთ, რომ გარბენი ისევ 225 000 კილომეტრზე დაგვებრუნებინა...
დასკვნა
გარბენის ჩამოყრა მასობრივი ფენომენი გახდა – მიუხედავად იმისა, რომ ამ დანაშაულზე სასჯელი სერიოზულია. ცხადია, კარგია, როცა ახალი ავტომობილი იმდენად ხარისხიანია, რომ ჩამოყრილი გარბენის შემჩნევა ჭირს, მაგრამ მთავარი დამნაშავეები ავტომწარმოებლები არიან, რომლებიც არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გარბენის ჩამოყრა ასეთი მარტივი არ იყოს. ისინი თანამედროვე მანქანებში მოძველებულ ტექნიკას იყენებენ – მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი ტექნიკის შექმნა ძვირი ჯდება. მსხვერპლი კი ამ შემთხვევაში მეორადი ავტომობილის მყიდველი გამოდის.
შტეფან ფოსვინკელი
- გარბენის ჩამოყრა დღეს ძალიან ადვილია და 30 წამში ხდება. სწორედ ამის ბრალია ის, რომ მეორადი ავტომობილების თითქმის ყველა დილერს შეუძლია მანიპულირება. ამას სერიოზული დილერებიც აკეთებენ. ასე რომ, დილერის შოურუმის კარგი ფასადი უცოდველობის გარანტია არ არის.
- ყველაზე ხშირად რომელ მოდელებზე ხდება მანიპულირება?
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უკვე ყველა მარკას და ყველა მოდელს თანაბრად ეხება.
- როგორ უნდა დაიცვას თავი მყიდველმა?
- თავად მანიპულაცია კვალს თითქმის არასდროს ტოვებს. თავის დაცვა კი ძალიან ძნელი, ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ მაინც არსებობს გზები. მაგალითად, შეიძლება კაპოტქვეშ წააწყდეთ ერთ დროს ზეთის გამოცვლის დროს მიწებებულ სტიკერს, სადაც რეალურ გარბენს ამოიკითხავთ, ან ავტომობილის შეკეთების ქვითარს. როგორც წესი, ასეთ დროს გამყიდველები სერვის-წიგნებს არასდროს აჩენენ ხოლმე, ანაც, ამ წიგნის ყიდვა ისედაც შეიძლება – ინტერნეტში ხომ ყველა მოდელის წიგნი იყიდება. მოკლედ, თუ რამეს წააწყდებით, ხომ კარგი, თუ არა ვერაფერს მიხვდებით.