”გელენდევაგენის” მოყვარულებო, სწორდი, სმენა: Mercedes G-კლასი ამიერიდან AMG-GT-ს ბაზაზე აწყობილი 422-ცხენისძალიანი V8 ძრავით ირბენს. ჩვენ სწორედ G 500-ით ვიარეთ - გზაზეც და, რა თქმა უნდა, უგზოობაზეც
მთელი მსოფლიო რომ შეიცვალოს, G-კლასი მაინც არ შეიცვლება და რა გასაკვირია, რომ ”მერსედესის” ფეისლიფტიც თითქმის არაფერს ცვლის. თითქმის, რადგან ფეისლიფტში მხოლოდ მცირეოდენი მოდიფიკაცია შედის და G-ც ოდნავ უფრო აგრესიულად გამოიყურება, რაც უხდება კიდეც.
მთავარი ცვლილება კი კაპოტის ქვეშ მოხდა და ასევე AMG-სგან მოდის: ეს გახლავთ 4-ლიტრიანი V8 ძრავა, რომელიც AMG-GT-ს ბაზაზე დამუშავდა და ახლა უკვე G 500-შიც გუგნებს. ჰო, ეს არ არის ერთი-ერთზე გადმოღებული ვარიანტი, რადგან G-კლასით არც არავინ იდრიფტავებს და არც სარბოლო ტრეკზე შევა. თუმცა ძრავის ძირითადი პრინციპი ორ ტურბოდამბერთან ერთად შენარჩუნებულია. ამ აგრეგატით აღჭურვილ G 500-ს 422 ცხენის ძალა და 610-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტი აქვს. ამიტომაცაა, რომ ავტომობილი მაშინაც გრიალებს, როცა დგას და გვერდებზე წყვილი მაყუჩები შესაბამის ხმასაც გამოსცემენ.
”მერსედესმა” G 500-ის სავალ ნაწილზეც წაიმუშავა და იზრუნა იმისათვის, რომ მოსახვევებში უკეთესად შევიდეს. და მართლაც: 130 კმ/სთ-ზე მეტი სისწრაფისას და განსაკუთრებით კი მოსახვევებში, პროგრესი აშკარაა. ახალი G მკვეთრ მანევრებზე საგრძნოვლად უკეთესად რეაგირებს, ვიდრე მისი წინამორბედი. ”მერსედესმა” ესეც არ იკმარა და G 500 ოფციურად ადაპტირებადი სავალ ნაწილიც უსახსოვრა, რაც ფასიანი სიამოვნებაა და 1400 ევრო ღირს.
ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული ღილაკის მეშვეობით მძღოლს შეუძლია აირჩიოს სვლის სპორტული ან კომფორტული რეჟიმი. სპორტულ რეჟიმში ამორტიზაცია ხისტდება, რაც ავტომობილის უფრო სწრაფ და უკეთეს უკურეაქციას იწვევს და, შესაბამისად, G მოსახვევებს საგრძნობლად უკეთესად ყლაპავს. ვინ უნდა ირბოლოს 2,6-ტონიანი ყუთით? მართალია, ამას მხოლოდ ერთეულები თუ გააკეთებენ და ისიც მხოლოდ გართობის მიზნით, მაგრამ ფაქტია, რომ V8 ძრავის მეშვეობით ”G-კლასი” 100 კმ/სთ-მდე 5,9 წამში ჩქარდება. მაგრამ თუ ამ მანქანას ასე ხშირად ააჩქარებთ, არც ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ საწვავის ხარჯი ”მერსედესის” დაპირებას (საშუალოდ 12,3 ლიტრი 100 კმ-ზე) მნიშვნელოვლად გადასცდება.
თუმცა G-კლასი პირველ რიგში თავისი გამავლობით გამოირჩევა და ამ მხრივ ტრადიციებს, რა თქმა უნდა, არ ღალატობს - მისი სტიქია პირველ რიგში სერიოზული უგზოობაა. დიფერენციალის ბლოკირებებით G-კლასი ასფალტს მიღმა ნამდვილი მეფეა. როგორც წესი, უგზოობაზე უკანა ხიდის დიფერენციალის ბლოკირებაც კი საკმარისია ხოლმე, მაგრამ თუ ექსტრემალური ოფროუდია, მაშინ წინა ხიდის დიფერენციალის ბლოკირებაც შესაძლებელია.
G 500, რომელიც დაახლოებით 100 000 ევრო ღირს, გამორჩეულ გამავლობასთან ერთად კლასში ერთ-ერთ საუკეთესო კომფორტსაც გვთავაზობს. ტყავის სავარძლები კლიმატიზაციით, ბევრი ქრომი, ალკანტარა და ერთი სიტყვით, ბევრი ლუქსი სალონში. ოფროუდის შარმი შერჩენილია კარსა და მხარს შორის დარჩენილ მცირე სივრცეში. განახლებულ კოკპიტზე 11,4-სანტიმეტრიანი მულტიფუნქციური ეკრანია და ”სამუშაო მაგიდაზე” ახალ მაჩვენებლებსა და ციფერბლატებს შეხვდებით. ამაზე მეტი პრინციპში საჭირო არცაა.
დასკვნა
36 წელია, რაც G-კლასი სანდო და გამორჩეული ოფროუდერია. ავტომობილმა ამ ტრადიციას არც ფეისლიფტის შემდეგ უღალატა. სამაგიეროდ, გზაზე უფრო კომფორტული გახდა, რაც გაუმჯობესებული სავალი ნაწილის დამსახურებაა. AMG-GT-ს ბაზაზე შექმნილი V8 ძრავით 2,6-ტონიანი მანქანა სპრტქარად, რა თქმა უნდა, არ გადაიქცა, მაგრამ უფრო სწრაფი კი ნამდვილად გახდა.
რობინ ჰორნიგი
წყარო : Auto Bild Georgia