Friday, October 9, 2015
როგორი იქნება ნისანის ახალი გოძილა?
”ნისანის” გრანდიოზული სპორტქარის, Nissan GT-R-ის ახალი თაობა 2018 წელს უნდა გამოვიდეს. ტოკიოს ავტოშოუზე მისი წინამორბედის, კონცეპტ 2020 Vision Gran Turismo-ს ნახვაა შესაძლებელი.
ტოკიოს ავტოშოუ 30 ოქტომბერს იწყება და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გამოფენის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი სწორედ ეს წითელი სპორტქარი იქნება, რომელსაც Concept 2020 Vision Gran Turismo ეწოდება და რომელიც გვიჩვენებს, როგორი იქნება ”ნისანის” მომავალი გოძილა - ახალი GT-R.
ერთი რამ ცხადია: R36-GT-R-ის დიზაინი უფრო დაკუთხული იქნება. ამ კონცეპტის წინამორბედი ”ნისანმა” გუდვუდში 2014 წელს, კომპიუტერული თამაშის, Gran Turismo 6-ის მოდელის რანგში გვიჩვენა. ახლა კი, იაპონიაში მის განახლებულ ვერსიას უკვე ცოცხლად ვნახავთ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ აქტუალური მოდელი 1,8 ტონას იწონის, რაც უკვე ძალიან ბევრია, რადგან ”მაკლარენის”, ”პორშეს” ან ”ფერარის” მარკის კონკურენტები თითქმის 400 კილოგრამით ნაკლებს იწონიან.
GT-R-ის ფანებს მოცდა 2018 წლამდე მოუწევთ, თუმცა სანამ ახალი თაობა გამოვა და ”პორშეებს” შეუტევს, მანამდე იაპონელებს აქტუალური მოდელის ტექნიკური განახლება აქვთ დაგეგმილი. საქმე ისაა, რომ ”ნისანი” R35-ისთვის ჯერ კიდევ ხედავს გაუმჯობესების პოტენციალს.
წყარო: Auto Bild Georgia