”ალფა რომეოს” საქმე დაახლოებით ისეა, როგორც საფეხბურთო კლუბ ლევერკუზენის ”ბაიერის” საქმეა გერმანულ ფეხბურთში: ყველაფერი კარგად გამოიყურება, მაგრამ დიდ წარმატებებს სხვები აღწევენ. ”ალფას” წარუმატებლობის მიზეზი პირველ რიგში ალბათ ისაა, რომ იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო SUV-ებს ყიდულობს და ამ კლასის ავტომობილები თვით ”იაგუარმა” და ”ბენტლიმაც” კი გამოუშვეს, ”ალფას” თავისი SUV ჯერ კიდევ არ ჰყავს.
ამიტომაც გადაწყვიტეს იტალიელებმა, რომ 2016 წლიდან თავისი პირველი SUV გამოუშვან. ”ალფა რომეო” დიდი ხანია, პირველ პროტოტიპებს ტესტავს, მაგრამ აქამდე კარგად მალავდნენ, ახლა კი პაპარაცებმა აღმოაჩინეს. უცნობია თვით ავტომობილის სახელწოდებაც - გამოითქვა ვარაუდები, რომ ”ალფას” პირველ SUV-ს Alfa Romeo 949-ს დაარქმევენ, მაგრამ ეს ვარაუდი არ მართლდება.
ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, როგორი დიზაინი ექნება ავტომობილს - ხომ იცით, ”ალფას” შემთხვევაში ვიზუალი მართლაც ყველაზე საინტერესოა. მართალია, ფოტოებზე მანქანას ვხედავთ, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება, რადგან ამ ფოტოებზე არაფერი ჩანს. საქმე იმაშიცაა, რომ ამ შენიღბულ ავტომობილს რეალურად მხოლოდ ახალი ”ალფას” ტექნიკა აქვს - ტექნიკა, რომელიც Fiat 500L-ის ”სამოსითაა” შეფუთული.
თუმცა ეს ფოტოები ერთ დეტალს მაინც გვიმხელენ: ”ფიატის” ძარა (4,15 მეტრი) მნიშვნელოვნად წაუგრძელებიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი BMW X3-ის (4,65 მეტრი) ლიგაში ითამაშებს.
ინსაიდერების ინფორმაციით, ”ალფას” პირველ SUV-ში ბევრი რამ იქნება გადმოღებული ახალი Alfa Romeo Giulia-დან. ფანები კი იმედოვნებენ, რომ ამ მანქანასაც ექნება 6-ცილინდრიანი ძრავა ორმაგი ტურბოდამბერით. საქმე ისაა, რომ ეს აგრეგატი ”ფერარის” საჯინიბოში შექმნეს და მისი სიმძლავრე 510 ცხენის ძალაა.
”ალფა რომეომ” ახალ გეგმებში 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩადო. აქედან ორი მილიარდი ე.წ. Giorgio-პლატფორმის შექმნას მოხმარდა. სწორედ ამ პლატფორმაზე შეიქმნა ახალი Giulia, რომლის პრეზენტაცია იტალიელებმა ივნისში გამართეს. აღსანიშნავია, რომ კომპაქტური SUV-იც ამ პლატფორმაზე აეწყობა და 2016 წლიდან გამოვა. ”ალფას” პირველი SUV ”ფოლკსვაგენ ტიგუანის”, BMW X3-ის, Audi Q5-ისა და ამ კლასის სხვა წარმომადგენლების კონკურენტი იქნება.
წყარო: Auto Bild Georgia