Wednesday, March 23, 2016
მერსედესის ახალი SUV-კუპე: GLC Coupe
დაიმლერმა ნიუ იორკში GLE Coupe-ს პატარა ძმა, Mercedes GLC Coupe წარმოადგინა. გაყიდვები წლის ბოლოს იწყება
კონცეპტის პრეზენტაციიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ”მერსედესმა” ნიუ იორკის ავტოშოუზე GLC Coupe-ს სერიული ვერსიის პრეზენტაცია გამართა. ავტომობილი სიგრძეში 4,73 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ GLC-ზე დაახლოებით 8 სანტიმეტრით გრძელია. მიხვდებოდით, რომ GLC Coupe სწორედ GLC-ის ტექნიკურ ბაზაზეა შექმნილი. სამაგიეროდ, 1,7-ტონიანი SUV-კუპე ჩვეულებრივ GLC-ზე 4 სანტიმეტრით დაბალია (1,60 მ) და მისგან ვიზუალურადაც საკმაოდ განსხვავდება - განსაკუთრებით ცხაურით და უკან მკვეთრად ვარდნადი სახურავით.
ავტომობილის უკანა ტანი მის უფროს ძმას, GLE Coupe-ს გაგახსენებთ, ოღონდ GLC Coupe-ს უკანალი უფრო დახვეწილი გვეჩვენება. განსაკუთრებული დიზაინერული ელემენტებია ვიწრო უკანა მაშუქები, ინტეგრირებული მაყუჩები და ქვედა დამცავი დიფუზორის რანგში.
ინტერიერში ”C-კლასის” გარემოს ამოიცნობთ. ცენტრალურ კონსოლზე განთავსებული სენსორული ეკრანი ნაწილობრივაა ინტეგრირებული. ვისთვისაც ასეთი ინტერიერი საკმარისად მიმზიდველი არ არის, შეუძლია, დამატებით ფასად AMG ხაზის ინტერიერი შეუკვეთოს - სპორტული სავარძლებით.
GLC Coupe-ს სერიულად მოყვება სპორტული სავალი ნაწილი სვლის ხუთი რეჟიმით. ჩვენ ამ მანქანით ნიუ იორკში მცირე გასეირნება მოვიწყვეთ და დავრწმუნდით, რომ GLC Coupe უფრო სპორტულად დადის, ვიდრე ჩვეულებრივი GLC. ავტომობილი კიდევ უფრო სპორტულია სავალი ნაწილით Dynamic Body Control. დამატებით ოფციებშია სავალი ნაწილი 15 მილიმეტრამდე რეგულირებით. ნებისმიერ GLC Coupe-ს მოყვება განახლებული მოხვევის სისტემა, რომელიც გაცილებით უფრო პირდაპირი და მგრძნობიარეა. GLC Coupe ხელმისაწვდომია ბენზინისა და დიზელის 4-4 ძრავით, ასევე Plug-in-ჰიბრიდული ვერსია და AMG-ვერსია.
უდავოდ გამორჩეული და განსაკუთრებული ვერსიაა Mercedes-AMG GLC 43 Coupe. AMG-ს ახალი ნომენკლატურის მიხედვით, ამიერიდან 43-ები შეცვლიან 450-AMGსპორტულ მოდელებს. ისევე, როგორც GLC 43, GLC 43 Coupe-ც AMG-სთვის დამახასიათებელი სპორტული ვიზუალით და 367-ცხენისძალიანი V6-Biturbo ძრავით გამოირჩევა. ”მერსედესის” ახალი SUV-კუპე 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი და, რა თქმა უნდა, სრული ამძრაობით იწარმოება.
ასეთი აღჭურვით GLC Coupe 100 კმ/სთ-მდე 5 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდებაო, გვპირდებიან შტუტგარტელები. გადაწყვეტილია, რომ გამოვა GLC Coupe-ს კიდევ უფრო მძლავრი ვერსია 63 AMG, რომლის სიმძლავრე 510 ცხენის ძალა იქნება (V8-Biturbo). ამ ძრავას ის C 63-სგან მიიღებს. AUTO BILD-ის ინფორმაციით, ორივე მძლავრი ვერსია 2017 წელს გამოვა. ზოგადად კი, GLC Coupe-ს გაყიდვები 2016 წლის სექტემბრიდან იწყება და მისი საწყისი ფასი დაახლოებით 40 000 ევრო გახლავთ.
წყარო: Auto Bild