Brabus–ი ახალი C63 AMG–ის გვერდით ჟენევის ავტო სალონზე Rocket 900 Coupe–თი წარდგა. ეს გახლავთ Mercedes-AMG S65 Coupe სტეროიდებზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლუქს კლასის კუპეა.
12 ცილინდრიანი ბიტურბო ძრავადან, რომლის მოცულობაც Brabus–მა 6–დან 6.3 ლიტრამდე გაზარდა, კომპანიის შეშლილმა ინჟინრებმა 887 ცხენისძალა და 1.500 ნიუტონმეტრი ამოიღეს, თუმცა ამხელა მაბრუნებელი მომენტის სამართავად, მათ 7 სიჩქარიანი გად. კოლოფის მოდიფიცირება და ხიდი ბლოკირებაც დასჭირდათ.
უკანა ამძრავიანი დიდი ზომის მდიდრული კუპე 0–100 კმ/სთ–ს 3.7 წამში ავითარებს, 0–200 კმ/სთ–ს 9.1 წამში მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ–ზეა ელექტრონულად შეზღუდული, რაც იმას ნიშნავს, რომ Rocket 900 Coupe–ს გაცილებით მეტის გავითარებას შეუძლია.
რაც შეეხება ექსტერიერის და ინტერიერის ცვლილებებს, ალბათ ყველაფერი შემჩნევადია, თუმცა მაინც გეტყვით, რომ S-Coupe–ს დიდი ჰაერმიმღებების მქონე წინა ბამპერი, ახალი რადიტორის ბადე, ვინგლეტები, ჭრილებიანი უკანა ბამპერი, დიფუზორი, სპოილერები და 4 თავიანი ჩამხშობი დაემატა, ხოლო ინტერიერში მხოლოდ ტყავი და მისი ფერები შეიცვალა.