Tuesday, September 8, 2015
იურიული პერიოდის მანქანები: Mercedes GLE Coupe და BMW X6
ახალი Mercedes GLE Coupe ტირანოზავრის როლში. იქვე BMW X6-იც
არსებობს დისკუსიები, სადაც სიმართლეს ვერასდროს გაარკვევ. ეს მაშინაა, როცა დისკუსია მიდის თემაზე, სადაც სიმართლე ასე უბრალოდ და პირდაპირ არ არსებობს - სადაც ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული. ასეა ამ ავტომობილების შემთხვევაშიც - სათაურში რომ იურიული პერიოდის მანქანები რომ ვუწოდეთ. ეს ის შემთხვევაა, როცა დიდი და მძიმე SUV-დინოზავრის დიზაინში ვხედავთ კუპეს ხაზს. უხდება ბოლო ბოლო? თუ ასეთი რამ ისეთივე უდროო და უაზროა, როგორც ნამდვილი ტირანოზავრი 21-ე საუკუნეში?
ასეთ პროვოკაციულ ნაზავს BMW X6-სგან უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ, აი, ”მერსედესმა” კი, SUV-კუპეს ფენომენი მხოლოდ ახლაღა აღიარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიშა, რომელიც პირველად BMW-მ დაიკავა, ერთობ მიმზიდველი აღმოჩნდა - წინააღმდეგ შემთხვევაში ”მერსედესი” მოსისხლე მტრის ნაბიჯს არ გაიმეორებდა. ასე და ამგვარად მივიღეთ Mercedes GLE Coupe, რომელიც სრულად იმეორებს BMW X6-ის ხაზს. ეს ეხება როგორც ფორმატს, ისე კონცეფციასაც - 4 კარითა და საბარგულის დიდი კარით.
Mercedes GLE Coupe: ტექნიკური ბაზა ML-სგან მიიღო. სიახლე GLE-ში: 9-საფეხურიანი ავტომატიკა
BMW X6: ბავარიელები SUV-კუპეს 2008 წლიდან უშვებენ და ამ მხრივ პირველები იყვნენ. ახლა მეორე თაობა გამოვიდა.
პირველი შთაბეჭდილება ასეთია: რამდენიმემეტრიანი დაშორებით ეს დიდი მანქანა საკმაოდ მოხდენილი ჩანს, კუპესებრი და ჩვეულებრივი. თუ მოშორებით დგახარ, ნაღდად არ მოგეჩვენება ისეთ სპილოდ, როგორსაც ელოდი. თუ ფორმებით ვიმჯსლებთ, GLE Coupe ნამდვილად იმეორებს ”მერსედესის” აქტუალური დიზაინისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს - იხილეთ ცხაურა, ძარის მოსახვევები და ჩაღრმავებები, უკან ჩამრგვალებული მინა და ათლეტური მაშუქები. ამ დეტალებს დაიმლერის აქტუალური კუპეებიდან იცნობთ. თუმცა მიუახლოვდები თუ არა, მაშინვე დაინახავ ამ ავტომობილის რეალურ სიდიდეს: საშუალო ზომის, ანუ 1,75-მეტრიან კაცს მისი კაპოტი ლამის ნიკაპამდე მისწვდება, უკან კი, ბარგი ჩვეულებრივი მაგიდის სიმაღლის რაფიდან უნდა ჩატვირთო, ჩაჯდომისა და გადმოსვლის ნაცვლად კი, ტერმინებად ასვლა და ჩამოსვლა უნდა გამოიყენო. მოკლედ, ამ თვალსაზრისით ტიპიური, Fullsize SUV გახლავთ. უცნაური მხოლოდ ისაა, რომ შესვლისას თავი უნდა დახარო. SUV-კუპეა რა.
Mercedes GLE Coupe: თვალშიმოსახვედრი სიახლე შუაში თავისუფალი მონიტორია. ავტომატიკის ბერკეტი ჩვეულებისამებრ საჭის უკანაა, მაგრამ ახლა უკვე 9-საფეხურიანია
მიუხედავად კუპესებრი ფორმისა, თავს ზემოთ საკმარისზე მეტი სივრცეა. GLE Coupe-ს საბარგულის მინიმალური მოცულობა 650 ლიტრია, მაქსიმალური - 1720 ლიტრი, რაც ძალიან კარგი შედეგია
პნევმატიკური დაკიდება ოთხი პროგრამით
ინტერიერში, მძღოლის სავარძელზე ამბები გელოდება, ჩვეულებრივი GLE-სგან თითქმის არაფრით რომ არ განსხვავდება. კოკპიტზე გხვდება სრული ფუნქციურობა, რომელიც Deluxe-გარემოსთან ისეა შერწყმული, რომ თავის მფლობელს ისეთ განცდას უტოვებს, თითქოს ბევრი ფული მართლა ხეირიანად დააბანდა. თუმცა ვინც ML-ს იცნობს, მალევე გამოფხიზლდება. თუ არ ჩავთვლით 8-დუიმიან სენსორულ ეკრანს, რომელიც ცენტრალურ კონსოლზე თავისუფლად განისვენებს, აქ ბევრი არც არაფერი შეცვლილა.
ამ კუპეში... პარდონ, SUV-კუპეში უკანა სავარძლებიც კომფორტულია. თუმცა თავსზემოთ სივრცე მხოლოდ საკმარისია. არც მეტი, არც ნაკლები. მიუხედავად იმისა, რომ სახურავი უკან მაგრად ვარდება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ GLE-ს ეს ვარიანტი 4 ზრდასრული ადამიანისთვის შეუზღუდავი ტრანსპორტია. თავისი სამოგზაურო ბარგით, რაღა თქმა უნდა. საბარგულში მინიმუმ 650-ლიტრიანი სივრცეა, ხოლო თუ უკანა სავარძლების საზურგეებს გადაწევთ, სულაც 1720-ლიტრიან სივრცეს მიიღებთ. ვიმეორებ: ერთი ეგაა, რომ რაფა მაღალია და ჩაბარგება ცოტათი ჭირს. თუმცა იატაკი აბსოლუტურად სწორია და, ჩემოდანი იქნება, თუ სხვა რამ, ბოლომდე შეუზღუდავად შეაცურებ.
BMW X6: კოკპიტზე ყველაფერი ჩვეულებისამებრ ფუნქციურია. ავტომატიკის ბერკეტი ცენტრალურ კონსოლზე, მის გვერდით iDrive-ის ღილაკი სენსორული ზედაპირით
შედარების ამ სტადიაშივე ჩანს სერიოზული განსხვავებები BMW X6-თან. მიუხედავად იმისა, რომ დიდი და გაბერილი ჩანს, BMW მაინც უფრო მოქნილად და სპორტულად გამოიყურება. და ეს განცდა მის ინტერიერშიც გრძელდება: X6-ში წინ უფრო ღრმად ზიხარ, საერთო ჯამში კი ბავარიელში უფრო მეტი სივიწროვეა, რაც განსაკუთრებით უკანა განყოფილებას ეხება, სადაც თავსზემოთ ადგილიც ცოტაა და მუხლების წინაც. ამრიგად, კუპესთვის დამახასიათებელი მინუსები BMW X6-ში უფრო იგრძნობა, ვიდრე Mercedes GLE Coupe-ში. იგივე ეხება საბარგულსა და უკანა სავარძლების ვარირებასაც, რის შედეგადაც არცთუ მთლად სწორი იატაკი წარმოიქმნება, საბარგულის მინიმალური მოცულობა კი 550 ლიტრია, მაქსიმუმი - 1525 ლიტრი. ცხადია, არც ესაა ცუდი მონაცემები, მაგრამ ”მერსედესთან” შედარებით, მნიშვნელოვნად ცოტაა. ამიტომაცაა დაუჯერებელი ის, რომ მინიმალურად უფრო ბრტყელი X6 იმავე სიგრძისაა, რაც GLE Coupe. თუმცაღა, BMW უფრო მსუბუქია. 110 კილოგრამით მსუბუქი, ჯამში 2,14 ტონა
ჩვენ მომხვდურები დიზელის ძრავებით გავტესტეთ. ორივე შემთხვევაში, ძრავის 3-ლიტრიანი მოცულობა 6 ცილინდრზეა გადანაწილებული. ”მერსედესშიც” და BMW-შიც, ჩვენ განკარგულებაში 258 ცხენის ძალაა. პლუსი ”მერსედესს” ბრუნის მომენტის თვალსაზრისით: 620 ნმ (GLE Coupe) 560 ნმ-ის (BMW X6) წინააღმდეგ. 2.3-ტონიანი ”ტირანოზავრისთვის” ეს სავსებით საკმარისია, რაშიც GLE-მ სწრაფადვე დაგვარწმუნა. მისი დიზელი არც იკბინება და არც მთებს გადადგამს - საქმეს უფრო სოლიდურ-სერიოზულად აკეთებს.
Mercedes GLE 350 d 4Matic
ძრავა: V6, Turbo; მოცულობა: 2987 სმ3; სიმძლავრე: 190 კვტ (258 ცხ. ძ) 3400 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 620 ნმ/1600; მაქს. სიჩქარე: 225 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 7,1 წმ; ამძრაობა: სრული/9-საფ. ავტომატიკა; ავზი: 93 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4900/2003/1700 მმ; საბარგული: 650-1720 ლ; წონა: 2250 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 6,9 ლ. დიზელი/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 180 გ/კმ; ფასი (EU): 66 700 ევრო
GLE თავისი სამაგალითო გადაცემათა კოლოფის 9 საფეხურს შორის შეუმჩნევლად დააბოტებს და მხოლოდ სპორტულ რეჟიმშია ცოტათი უფრო ცოცხალი. მოკლედ, სპორტული გართობა თითქმის შეუძლებელია. სამაგიეროდ, შესაძლებელია სასიამოვნო მგზავრობა, რაც ბევრისთვის ასევე გართობაა.
ჩვეულებრივი GLE-სგან განსხვავებით, GLE Coupe-ში სავალი ნაწილია დინამიზირებული - ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამას ამბობენ ”მერსედესის” ტექნიკოსები. სიმართლე გითხრათ, ეს იგრძნობა კიდეც. ნამდვილად იგრძნობა. მაგრამ ასეა, თუ ისე, Mercedes GLE Coupe-ს უმთავრეს ატრაქციონად მაინც მისი კომფორტი რჩება. მაგალითად ის, რომ Comfort-რეჟიმში პნევმატური დაკიდება გზებს დაუჯერებლად რბილად აუთოებს - ოდნავი გადახრით, რაც ტორტმანი არ არის. ერთი სიტყვით, ამ მანქანით შორ გზაზე მგზავრობა დიახაც სიამოვნებაა. ამაში თავისი წილი როლი აქვს სტაბილიზაციის სისტემას თავისი „Active Curve System-ით“, რაც ავტომობილის ძარას დამატებით სიმშვიდეს სძენს. და თუ მიიჩნევთ, რომ ზედმეტად რბილია, მაშინ ჩართეთ Sport-რეჟიმი, რაც მოხდენილი ალტერნატივაა: მანქანა იჭიმება, ხისტდება და მაინც კომფორტულად დადის. უბრალოდ, მოსახვევებში მეტი სიმამაცით შევა და მოხვევის სისტემა უფრო მგრძნობიარე გახდება. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ GLE Coupe სპორტულია, თანაც, ამ კლასში სპორტულობაზე საუბარი, თქვენი არ იყოს, ჩვენც სასაცილოდ მიგვაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ გეხმარება. გარკვეულწილად, რაღა თქმა უნდა.
BMW X6 xDrive 30d
ძრავა: 6-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 2993 სმ3; სიმძლავრე: 190 კვტ (258 ცხ. ძ) 4000 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 560 ნმ/1500; მაქს. სიჩქარე: 230 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 6,7 წმ; ამძრაობა: სრული/8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 85 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4909/1989/1702 მმ; საბარგული: 550-1525 ლ; წონა: 2140 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 6,0 ლ. დიზელი/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 157გ/კმ; ფასი: 66 900 ევრო
ახლა კი BMW-ში გადავინაცვლოთ. სეისმოგრაფის გამოცდილება სულაც არაა საჭირო იმისათვის, რომ გადამწყვეტი განსხვავებები შეიგრძნო. იქ, სადაც GLE ლივლივებს, X6 თვით კომფორტულ რეჟიმშიც კი ხისტია, ხოლო Sport ან Sport+ რეჟიმებში კი განრისხებულ დინოზავრს ემსგავსება. მოკლედ, ამ ბავარიელში კომფორტი მეორეხარისხოვანია. სამაგიეროდ, პირველხარისხოვანი და მნიშვნელოვანია დინამიკურობა: X6-ის მოხვევის სისტემა უფრო მალე რეაგირებს, ვიდრე ”მერსედესში” - უფრო სწრაფად და თითქმის ზედმეტად ნერვიულადაც კი. ამავდროულად, ამძრაობა მძღოლის მარჯვენა ფეხის რეაქციებზე უფრო ბეჯითად რეაგირებს და მანქანაც მეტი ზეწოლით ჩარდება. აქვე ვთქვათ, რომ ამ გუნდში 8-საფეხურიანი ავტომატიკა ოპტიმალური თანაგუნდელია.
წეღანაც ვთქვი, რომ ამ კლასში სპორტულობაზე საუბარი, რა თქმა უნდა, სასაცილოა, მაგრამ X6-ს აქვს თავისი წილი სპორტულობა იმდენად, რამდენადაც ეს დიდ SUV-კუპეშია შესაძლებელი. თანაც, ეს ყველაფერი საწვავის საკმაოდ დაბალ ხარჯთან ერთად: ჩვენი ტესტ-დრაივის ფარგლებში X6-მა თავისი ბორტკომპიუტერის თანახმად, 100 კილომეტრზე საშუალოდ 9,0 ლიტრი დიზელი მოიხმარა (BMW-ს ოფიციალური დაპირება: 6,0 ლ), ხოლო GLE Coupe-მ კი - 10,3 ლიტრი დიზელი (ოფიციალური დაპირება: 6,9 ლ).
GLE Coupe (მარჯვნივ) და X6 დინოზავრებივით კი არიან, მაგრამ ყველანაირი თანამედროვე ტექნიკა აქვთ. თითქმის ერთნაირი ფორმატი: ”მერსედესი” ერთი სანტიმეტრით განიერია, BMW ერთი სანტიმეტრით გრძელი. სიმაღლეში ორივე 1,70 მეტრია
აი, ფასებსაც მივადექით: GLE-ს კუპე-ვერსია ევროპაში 66 700 ევრო ღირს - როდესაც 350d აწერია. ეს ჩვეულებრივ GLE-ზე დაახლოებით 5500 ევროთი მეტს ნიშნავს. BMW თავის X6 3.0d-ს სანაცვლოდ 66 900 ევროს ითხოვს. რა თქმა უნდა, ორივეს მოყვება უამრავი დამატებითი ოფცია. ასეა: იურიული პერიოდის მანქანებს იაფად ვერ იშოვნით.
Mercedes GLE Coupe 350 d: პრინციპში, იგივე X6-ია, ოღონდ ვარსკვლავით, მაგრამ უფრო ტევადი და კომფორტული.
BMW X6 xDrive 30d: SUV-კუპეების მამა, პირველი დინოზავრი, შეძლებისდაგვარად სპორტული, მაგრამ ნაკლებად კომფორტული.
დასკვნა
რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ამ ავტომობილების შემთხვევაშიც არსებობს სოლიდური, რაციონალური მიზეზები. ბევრს მოწონს და მორჩა. Bingo! ამ შედარებაში მცირე უპირატესობას Mercedes GLE Coupe-ს ვანიჭებ - იმიტომ, რომ ახალია, უფრო ტევადი და უფრო კომფორტული. შესაბამისად, უფრო გონივრულიც, ვიდრე X6.
ვოლფგანგ კიონიგი
წყარო: Auto Bild Georgia