Monday, February 29, 2016
Ford-ი ოთხ წელიწადში ოთხ ახალ ქროსოვერს გამოუშვებს
Ford-ს უახლოეს ოთხ წელიწადში ოთხი ახალი უგზობის მოდელის გამოშვება აქვს დაგეგმილი. ამასთან, ოთხივე ავტომობილი იმ სეგმენტისა იქნება, რომლებშიც ამერიკული კომპანია ჯერჯერობით არაა წარმოდგენილი. ამის შესახებ, ჩიკაგოს ავტო შოუს დროს, ცისფერი ოვალის მარკეტინგის, გაყიდვების და სერვისის ვიცე პრეზიდენტმა მარკ ლანევემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ავტომობილები, ძირითადად ათასწლეულების მიჯნის თაობის (1980-იანი წლების შემდეგ დაბადებულების) მყიდველის მოთხოვნების გათვალისწინებით მუშავდება. როგორც კვლევები უჩვენებს, ამ ეპოქის მყიდველს არ სურს დიდგაბარიტიან სედანებით მგზავრობა და მათი უმეტესობა, სატრანსპორტო საშუალებად უგზობის მოდელებს არჩევს.
ასეთი ავტომობილების პოპულარობას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა საწვავის გაიაფება, ახალი, ეკონომიური და მძლავრი ძრავები, ასევე ბაზარზე სულ უფრო მეტი ისეთი ავტომობილის გამოჩენა, რომლების ძალურ სისტემაშიც, ელექტრო ძრავებია ჩართული. ამ ფაქტორების გამო, უგზობის მოდელები აღარ მიიჩნევა შთანმთქმელ ავტომობილებად. უფრო მეტიც, „ფორდის“ მარკეტოლოგები ირწმუნებიან, რომ საწვავის გაძვირების შემთხვევაშიც კი, უგზობის მოდელებზე მოთხოვნილება არ შემცირდება. უბრალოდ, მყიდველი უპირატესობას მომცრო ავტომობილებს მიანიჭებს.
ამჟამად Ford-ის“ სამოდელო გამაში, უგზობის რამდენიმე ავტომობილი შედის. ესენია Ecosport, Escape (ევროპაში მისი ანალოგია Kuga), Edge (ფოტოზე), Flex, ასევე დიდგაბარიტიანი Explorer და Expedition. სხვათა შორის, მალე Fiesta-ს ბაზაზე დამზადებულ Ecosport-ს ამერიკის ბაზარზეც შეიტანენ. ლანევეს არ დაუკონკრეტებია ახალი ავტომობილების სეგმენტები. მხოლოდ მიანიშნა, რომ ერთი მათგანი მინი ქროსოვერი იქნება. სავარაუდოდ, მინიმუმ ერთის აღჭურვილობაში ელექტრო ძრავიც შევა.
წყარო: Ford Georgia