სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია Pagani-მ, თავის მოდელ Huayra-ს ბაზაზე, მისი კიდევ უფრო მსუბუქი და მძლავრი ვერსია, Huayra BC შეიმუშავა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ ავტომობილად. ამას კი მისი მონაცემები განაპირობებს.
ადრე გავრცელებული ინფორმაცია იტყობინებოდა, რომ Huayra BC-ს ძრავი, სტანდარტულ ვერსიაზე 100 ცხენის ძალით მძლავრი იქნებოდა. თუმცა, რეალობაში, სიმძლავრის მატება მხოლოდ 60-ცხენისძალიანია. ამ ავტომობილის პატრონის განკარგულებაში 789 ცხენის ძალა და 1100 ნიუტონმეტრია. ამ ძალას 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V12 აგრეგატი გამოიმუშავებს. მასთან კი Xtrac-ის წარმოების სრულიად ახალი, 7-საფეხურიანი ავტომატიზებული მექანიკური ტრანსმისიაა შეწყვილებული.
ამ ახალ კოლოფში ბევრი სიახლეა გამოყენებული. მათ შორისაა მოდიფიცირებული ელექტრო-ჰიდრავლიკური ჩამრთველი და კარბონის ბოჭკოსგან დამზადებული სინქრონიზატორები. ტრანსმისიის მოდიფიცირების მთავარ მიზანს, საფეხურების გადართვის დროის განახევრება (150-დან 75 მილიწამამდე) და შემსუბუქება წარმოადგენდა. ასეც მოხდა, ახალი კოლოფი, წინამორბედზე 40 პროცენტით ნაკლებს იწონის.
სტანდარტული „ჰუაირა“ 1350 კილოგრამს იწონის, რაც უზარმაზარი V12 ძრავის გათვალისწინებით, ნამდვილი მიღწევაა. მაგრამ ვერსია BC ამაზე 132 კილოგრამით ნაკლებს იწონის! ამას ინჟინრებმა სხვადასხვა დეტალების შემსუბუქებით მიაღწიეს. მაგალითად, გამოსაბოლქვი სისტემა ტიტატსგან დამზადდა და მხოლოდ 2.9 კილოგრამს იწონის. ის ამავე სისტემის სტანდარტულ ვერსიაზე 7.1 კილოგრამით ნაკლებს იწონის. შემსუბუქებას ხელი Brembo-ს ახალმა მუხრუჭებმაც შეუწყო, რომლებიც სტანდარტულზე დაახლოებით 6 პროცენტით მსუბუქია. 9 კილოგრამი დაიკლო ბორბლებმა, რომლებიც ნაჭედი ალუმინისგან დამზადდა.
და ესეც არაა ყველაფერი – Pagani-მ სრულიად ახალი კომპოზიციური მასალა შეიმუშავა, რომელიც პირველად სწორედ Huayra BC-ზე გამოიყენა. როგორც იტალიური კომპანია ირწმუნება, ეს მასალა კარბონის კომპოზიტზე 50 პროცენტით მსუბუქი და 20 პროცენტით მტკიცეა. მის შესახებ „პაგანი“ დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მასში კარბონის ბოჭკოსთან ერთად, ტიტანიცაა გამოყენებული.
ამ ყველაფრის გარდა, Huayra BC ახალი აეროდინამიკური ელემენტებითაც აღიჭურვა. როგორც კომპანიის დამაარსებელი და მფლობელი ჰორაციო პაგანი ამბობს, ეს ელემენტები, სარბოლო ავტომობილების მწარმოებელ Dallara-ში მუშაობისას დაგროვილი გამოცდილებით შეიმუშავა. მათ შორისაა უფრო წაგრძელებული წინა სპლიტერი, ჰაერის მასიური წინა არხები, გვერდითა კალთები, მასიური უკანა ანტი ფრთა და აგრესიული უკანა დიფუზორი.
ავტომობილის შიგნითაც კარბონი უხვადაა გამოყენებული, რომელთანაც ალკანტარა შეახამეს. კოკპიტი სისადავით არ გამოირჩევა, თუმცა არც ზედმეტად გადატვირთულია. ასევე ახალია სავარძლები, რომლებიც ოთხწერტილოვანი ღვედებითაა აღჭურვილი.
რაც შეეხება სახელში დამატებულ ინიციალებს, BC ჰორაციო პაგანის მეგობრისა და მისი კომპანიის პირველი მომხმარებლის, ბენი კაიოლას აღნიშნავს.
Pagani მხოლოდ 20 ცალი Huayra BC-ს გამოშვებას გეგმავს. თითოეულის ფასი 2.3 მილიონი ევროა. და როგორც კომპანია აცხადებს, ყველა მათგანზე შეკვეთები უკვე მიღებული აქვს.
წყარო: Smartbox