მონაცემები, როგორებიცაა სიმძლავრე 802 ცხენის ძალა, სიჩქარე 350 კმ/სთ, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდ 3 წამში აჩქარება, ეგზოტიკურ სუპერ ავტომობილებს ახასიათებს და არა ხუთადგილიან ლუქს სედანებს, როგორიცაა მაგალითად, Audi S8. მაგრამ სატუნინგო ატელიე MTM-მა ეს წესი დაარღვია.
MTM-ი Audi S8-ს ბაზაზე საკუთარ მოდელ Talladega S-ს ადრეც აწარმოებდა. ამჯერად კი ამ ავტომობილის კიდევ უფრო მძლავრი და ტემპერამენტიანი ვერსია, Talladega R შეიმუშავა. ზემოთ მოყვანილი ტექნიკური მახასიათებლები სწორედ ამ ავტომობლს ეკუთვნის. უფრო მეტიც, Talladega R-ს ადგილიდან ორასის ასაკრეფად 9.9 წამი ჰყოფნის, სამასს კი 29 წამში აღწევს. ასეთ ავტომობილებს ხშრად სუპერ ავტომობილების მკვლელებსაც უწოდებენ.
802 ცხენის ძალის მოთვინიერებაში, Talladega R-ს Bimoto-ს წარმოების 22-დუიმიანი ბორბლები ეხმარება, რომლებიც 265/30 ზომის საბურავებით არის შემოსილი. სამუხრუჭე სისტემაში კი კარბონ-კერამიკული დისკოებია გამოყენებული, რომლებიც ეფექტურად ახერხებენ ასეთი დინამიკის მქონე, საკმაოდ მძიმე ავტომობილის შენელებას და გაჩერებას.
სხვათა შორის, ავტომობილი რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, გერმანელმა ვალტერ რიორლმა გატესტა, რომელმაც ის ძალიან მოიწონა. „მართვა შესანიშნავია“, „გაზის პედლის უკუქმედება ფანტასტიური“, – ასე შეაფასა ლეგენდარულმა მრბოლმა Talladega R-ი. ის კი ასეთ ეპითეტებს ტყუილად არ იმეტებს
MTM-ი თავის ოთხბორბლიან რაკეტას ძვირად – 222 000 ევროდ აფასებს. თუმცა, ამ ფასში დონორი ავტომობილის, Audi S8-ს ღირებულებაც შედის. თან, ასე „იაფად“ 800-ცხენისძალიანი ავტომობილის შოვნაც შეუძლებელია.
წყარო: Smartbox