Thursday, March 31, 2016
განახლებული Nissan GT-R
(SmartBox) უკვე რვა წელია, Nissan GT-R-ი ბაზარზეა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, თითქმის არ შეცვლილა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ამ ავტომობილს პრაქტიკულად არ აქვს ნაკლი. ყოველი ფეისლიფტინგი მინიმალური გარეგნული ცვლილებებით და სიმძლავრის მცირე მატებით შემოიფარგლება. ნიუ იორკის ავტო შოუზეც, GT-R-ი ოდნავ განახლებული წარსდგა.
დიზაინში ერთი საინტერესო სიახლეა: სუპერ ავტომობილს სედან Maxima-ს რადიატორის ცხაური „გადაუნერგეს“. შეიცვალა წინა და უკანა ბამპერებიც. რაც მთავარია, ისევ 0.26-ის დონეზე დარჩა აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი. სხვა მხრივ, ის ისევ ის „ჯიტიარია“, რომელსაც მთელ მსოფლიოში უამრავი ფანი ჰყავს და რომელსაც მომავალში კლასიკური ავტომობილის თიკუნი არ ასცდება. და თუნდაც ის მინიმალურად იცვლება, მაინც პოპულარობით სარგებლობს.
ძრავიც – 3.8-ლიტრიან იV6 ტურბო, ოდნავ გაძლიერდა. ის ახლა 550-ის ნაცვლად, 570 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში ისევ ორქუროიანი გადაბმით დაკავშირებული 6-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ის უფრო რბილად მუშაობს და ნაკლებად ხმაურიანიცაა. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ასის ასაკრეფად 2.8 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 320 კილომეტრს აღწევს.
საგრძნობლად გაიზარდა ავტომობილის მზიდი სტრუქტურის სიმტკიცე და დაიხვეწა საკიდარი. შემცირდა ხმაური, რასაც ხელი შეუწყო ტიტანის გამოსაბოლქვის აღჭურვამ სისტემა „აქტივ საუნდ ენჰანსმენტით“. ამ სისტემის დახმარებით, შესაძლებელია გამოსაბოლქვის ხმაურის რეგულირება. ძრავის სიმძლავრის ზრდას კი, ინჟინრებმა ანთების სისტემის ოპტიმიზებით და ტურბინაში ჩაბერვის წნევის გაზრდით მიაღწიეს.
სიახლეებია სალონშიც. შეიცვალა მულტიმედიური სისტემა და კლიმატ კონტროლი, ასევე მაჩვენებლების დაფა, საჭის რგოლი და გადაცემების შესაცვლელი ბერკეტი. სალონში არსებული გადამრთველების რიცხვი, 27-დან 11-მდე შემცირდა. საერთო ჯამში, ინტერიერი უფრო სადა და სპორტული ხასიათისთვის შესაფერისად მარტივი გახდა.
წყარო: SmartBox