ორი თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა, სექტემბერში ”ფოლკსვაგენის” კონცერნის შეფი მარტინ ვინტერკორნი თანამდებობას დატოვებსო, მთელი გერმანია სიცილით ”მოკვდებოდა” - ზაფხულში ”ფოლკსვაგენმა” პირველად გაასწრო ”ტოიოტას” გაყიდვებით და მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო კონცერნი გახდა. ორიოდე თვის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ სექტემბერში VW-ში ასეთი ამბები დატრიალდებოდა!
ახლა კი, ამერიკაში დაწყებული სკანდალი იქამდე მივიდა, რომ მარტინ ვინტერკორნმა ”ფოლკსვაგენში” 35-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ პოსტი დატოვა!
მარტინ ვინტერკორნი
”ფოლკსვაგენმა” ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს, პირველ რიგში საკადრო ცვლილებებია საჭირო,” - განაცხადა 68 წლის ვინტერკორნმა, რომელმაც შეძლო და გერმანული ავტოგიგანტი ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ნომერ პირველ კონცერნად აქცია.
”შეძრული ვარ იმის გამო, რაც ბოლო დღეებში მოხდა. აბსოლუტურად განადგურებული ვარ და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს ყველაფერი ფოლკსვაგენის კონცერნში,” - ნათქვამია ვინტერკორნის ოფიციალურ განცხადებაში. ”ვიკო”, როგორც მას გერმანიაში მოიხსენიებენ, განცხადებაში წერს: ”მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გარკვეულა, ვისი ბრალია მომხდარი, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე უნდა ავიღო. ამ ნაბიჯს ჩვენი კონცერნისა და ჩვენი მომხმარებლების ინტერესების გამო ვდგამ. პირადად მე არაფერი დამიშავებია, მაგრამ ვგრძნობ პასუხისმგებლობას როგორც კონცერნის მთავარი ხელმძღვანელი და თანამდებობას ვტოვებ!”
ვინ შეცვლის ვინტერკორნს, ვინ გახდება კონცერნის ახალი ბოსი? ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ყველაზე მეტი შანსი ”პორშეს” შეფს, 62 წლის მათიას მიულერს (მარჯვნივ) აქვს
მარტინ ვინტერკორნი ”ფოლკსვაგენის” კონცერნის შეფი 2007 წელს გახდა, მანამდე კი ”აუდის” ხელმძღვანელობდა, რომელიც ასევე VW-ს კონცერნის წევრია. ”ვიკოს” ხელში ”ფოლკსვაგენმა” წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა და წელს, 2015 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, პირველად გაასწრო ”ტოიოტას”.
ვინ შეცვლის ვინტერკორნს, ვინ გახდება კონცერნის ახალი ბოსი? ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ყველაზე მეტი შანსი ”პორშეს” შეფს, 62 წლის მათიას მიულერს აქვს, რომლის ხელშიც ”პორშე” საოცრად პროგრესირებს. შეგახსენებთ, რომ ”პორშეც” ”ფოლკსვაგენის” კონცერნშია. გერმანული AUTO BILD-ის ინფორმაციით, კანდიდატთა სიაშია ”აუდის” შეფი, 52 წლის რუპერტ შტადლერიც.
გამონაბოლქვის სკანდალის გამო ”ფოლკსვაგენს” აშშ-ში თითქმის 18 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრების საფრთხე ემუქრება. რატომ? საქმე ისაა, რომ ”ფოლკსვაგენის” დიზელისძრავიანი ავტომობილები გამონაბოლქვის ტესტებზე იმაზე მაღალ შედეგს აჩვენებდნენ, ვიდრე ჩვეულებრივი ექსპლუატაციისას. როგორც გაირკვა, ეს კომპიუტერული პროგრამის დამსახურება გახლდათ, რომელიც სწორედ ოფიციალური ტესტების დროს აქტიურდებოდა.
ასე გამოეხმაურა პრესა სკანდალს
გარდა იმ ჯარიმისა, რომელიც ”ფოლკსვაგენს” აშშ-ში ემუქრება, კომპანიის იმიჯზე ზრუნვისთვის VW-მ აშშ-დან დიზელისძრავიანი ავტომობილები უკან გაიწვია, რაც გერმანელებს დაახლოებით 6,5 მილიარდი ევრო დაუჯდათ.
ამას ისიც დაემატა, რომ ამ დღეებში ფრანკფურტის ბირჟაზე ”ფოლკსვაგენის” კონცერნის აქციების ფასები დაეცა. თუმცა კატასტროფული ვარდნის შემდეგ, გუშინ აქციის ფასებმა ოდნავ აიწია, რაც ”ფოლკსვაგენისთვის” ბოლო დღეებში პირველი პოზიტიური სიახლეა. ახლა მთელი კონცერნი გამოძიების დასრულების და ახალი შეფის მოლოდინშია.
ფოლკსვაგენის აქციების ფასების დინამიკა ბოლო დღეებში