• ფორმულა 1: გრან პრი 2019

    2019 წლის ფორმულა ერთის გრან პრი სარბოლო სესიებით

  • ავტომობილის თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია

    თანამედროვე და, მით უმეტეს, მომავლის „ჭკვიანი ავტომობილის“ ტექნიკური სისტემის მართვა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი მექანიზმებისა და მოწყობილობების მუშაობის მუდმივი (თვით)დიაგნოსტიკის გარეშე. ეს აუცილებელია, რათა მართვის სისტემამ დროულად მოახდინოს რეაგირება სისტემაში მომხდარ არასტანდარტულ მოვლენებზე და ეცადოს, თავად აღმოფხვრას იგი; ან ოპერატიულად გააფრთხილოს მძღოლი უწესივრობების შესახებ; ან (უკიდურეს შემთხვევაში) დაიმახსოვროს ისინი, რათა მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია სერვისის თანამშრომელს (ან მძღოლს).

  • Sir Vival - ექსპერიმენტალური უსაფრთხო ავტომობილი შორეული წარსულიდან

    არსებობენ ავტომობილები, რომლებიც ხანდახან დროს უსწრებენ: ტექნოლოგიით, ვიზუალით თუ ა.შ. უშუალოდ კი ეს ერთგვარი "მუშტაიდის საბავშვო მანქანა" სინამდვილეში 1958 წლის Sir Vival-ია. რომელიც ვოლტერ ჯერომის შთაგონებთი მისია იყო შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილი. პროექტი 10 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, მას მართალია დასახული მიზანი ბოლომდე ვერ გამოუვიდა მაგრამ მისმა ქმნილებამ მსოფლოში ყველაზე უცნაური ავტომობილის ტიტული მაინც დაიმსახურა. რეალურად, იგი ერთ-ერთი პირველი ავტომობილია 1957 წლის Aurora-სთან ერთად რომელიც ექსპერიმენტალურ უსაფრთხო ავტომობილად შეიქმნა.

  • საავტომობილო შიგაწვის ძრავები

    საავტომობილო ტრანსპორტში დღეისთვის გამოყენებულია ნავთობური წარმოშობის თხევად საწვავზე (ან აირად საწვავზე) მომუშავე შიგაწვის ძრავები. აღნიშნული ენერგეტიკული დანადგარის დანიშნულებაა ნავთობური წარმოშობის საწვავის წვის შედეგად მიღებული ქიმიური ენერგია გარდაქმნას მექანიკურ ენერგიად.

  • რა არის Top fuel და რით განსხვავდება ბენზინისაგან

    თუკი გნებავთ შექმნათ მაღალი სიძლიერის მქონე 4 ტაქტიანი (Stroke) ძრავა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი მის მისაღწევად. პირველი: გავზარდოთ ტაქტი. მეორე: დავაყენოთ ტურბინა/სუპერჩარჯერი. მესამე და ბოლო: შევცვალოთ ბენზინი სხვა უფრო ენერგეტიკული საწვავით. ხოლო რაც შეეხება Top fuel დრაგსტერებს, სამივეს ერთიანად აკეთებენ.

Followers

Monday, September 28, 2015

საბჭოური მანქანების ისტორია

ერთხელ, ერთმა კომპოზიტორმა ბრძანა, - მუსიკაში 7 ნოტი არსებობს და ყველაფერს სწორედ მათი განსხვავებული კომბინაციები ქმნიან.
ამიტომაც გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ სიმღერათა რაღაც ნაწილს საერთო ჟღერადობა აქვსო. არცთუ ღრმა ლოგიკით ეს ფრაზა შეიძლება მანქანებსაც მოვარგოთ და მათ გარკვეულ იდენტურობაზეც ვისაუბროთ, - ყველა მათგანს ხომ 4 ბორბალი აქვს. ამ სტატიაში ჩვენ თვალს ეტაპობრივად გადავავლებთ საბჭოური ავტოინდუსტრიის განვითარების პერიპეტიებს და შევეცდებით იმის განსაზღვრას, თუ რა პრაქტიკული მსგავსებაა საბჭოური და ამერიკული წარმოების ავტომობილების თეორიულად განსხვავებულ მოდელებში.



რუსი მწერლისა და ფილოსოფოსის, ვასილი როზანოვის აზრით, რუსეთში სიმდიდრის დაგროვების თითოეული შემთხვევა ქურდობის ან გამოძალვის ელემენტებს შეიცავს. ამ საკითხს ვასილი ვასილევიჩის მსგავსად, ჩვენც ოდნავ კრიტიკულად თუ შევხედავთ და ისტორიულ ფაქტებსაც მოვიშველიებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ ჯერ კიდევ 1917 წლამდე რუსეთის იმპერია და მეტადრე მისი ეკონომიკური დარგი აქტიურად ცდილობდა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. ამიტომაც იმ დროისთვის გარკვეული „კალკა“, განსაკუთრებით კი ინდუსტრიულ დარგებში, ადგილობრივი მაღალჩინოსნების (და არამხოლოდ მათი) თვალსაზრისით გამართლებულიც გახლდათ. 

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, რუსეთში აქტიურად დაიწყო იმ მითის პროპაგანდა, რომლის თანახმადაც ყველაფერი სასარგებლო და საინტერესო მათ სამშობლოში გახლდათ გამოგონებული თუ წარმოებული. თუმცა აქ დაბრკოლებას სხვა რამ ქმნიდა, - უნდა ასრულებულიყო პროპაგანდის მონეტის მეორე მხარეც, მსოფლიოს ყველაზე პროგრესულ ქვეყანას სხვებთან შედარებით, მოწინავე
ტექნოლოგია უნდა ჰქონოდა წარმოების განსავითარებლად. ამ მიზნით კომუნისტებმა სპეციალური ორგანიზაციაც კი დაარსეს, რომელსაც ნამ (რუსული აბრევიატურით: საავტომობილო კვლევის ცენტრალური ინსტიტუტი) ეწოდა. სულ მალე მზე პირველმა საბჭოურმა მანქანამ იხილა, რომლის ავტორი ახალგაზრდა ინჟინერი, ვინმე კონსტანტინ შარპოვი გახლდათ. მოდელი მოულოდნელად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მალე მისი მასობრივად წარმოება დაიწყო. მოგვიანებით, 1979 წელს, თავის მემუარებში შარპოვმა აღნიშნა, რომ „ნამი-1“ სხვა არაფერი იყო თუ არა, ჩეხური ტატრა-11-ის სრული კოპია.



                                              1927-30 წლებში „ნამი-1"-ის 403 მოდელი იქნა წარმოებული.
მიუხედავად ამისა, მანქანა მასობრივი მოხმარებისთვის მაინც არ იყო გამიზნული და მხოლოდ მაღალჩინოსანთა მომსახურებას ეწეოდა. ქვეყნის მზარდ ბაზარს მზარდი მოთხოვნაც მოჰყვა, რის გამოც სსრკ ახალი საავტომობილო ქარხნების აშენებისა და განვითარების საჭიროების წინაშე დადგა. 

კატალიზატორის როლი „დიდმა დეპრესიამ“ შეასრულა. 1929 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ღრმა ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რამაც ამ ქვეყნის წამყვანი საავტომობილო კომპანიების, „შევროლესა“ და „ფორდის“, საქმიანობაზე პირდაპირი და, რაც მთავარია, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. ზოგადად, ქვეყანაში მანქანების გაყიდვათა მოცულობა განახევრდა. ხსენებულმა კომპანიებმა კი გაკოტრების რეალური საფრთხე იგრძნეს, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და გადაწყვიტეს საბჭოთა ხელისუფალთათვის სამთავრობო ორგანოების მომსახურების მიზნით, კომერციული მოდელების წარმოება შეეთავაზებინათ. შედეგად, სულ მალე საბჭოურ გზებზე „ფორდი A“-ს მოდელი გამოჩნდა. მოგვიანებით კი, შეთანხმების საფუძველზე, მისი წარმოება სსრკ-შიც დაიწყო.



                                                                  "საბჭოური ფორდები"
ფორდის ადგილობრივი წარმოების საპასუხისმგებლო ფუნქცია კომპანია „გაზ"-მა (გორკის საავტომობილო ქარხანა) ითავა. პირველი მოდელები ბაზარზე 1932 წლის დეკემბერში გამოჩნდნენ და ძალიან მალევე დაიმკვიდრეს საინტერესო და, ამავდროულად, ლოგიკური მეტსახელი, - „საბჭოური ფორდები“. სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, „ფორდებს“ ლოგოც კი იდენტური ჰქონდათ, - ლურჯი ოვალი ცენტრში შესაბამისი ბრენდის მითითებით. გამომდინარე იქიდან, რომ „გაზ"-ის მიერ წარმოებული მოდელი ამერიკულ ანალოგთან შედარებით, სერიოზულ დახვეწას საჭიროებდა, რუსმა ინჟინერ-მექანიკოსებმა „ზემოდან“ მიღებული დავალების საფუძველზე, აქტიური მუშაობა დაიწყეს და 5 წელიწადში ახალი და საბჭოური მანქანათმშენებლობისთვის საეტაპო მოდელი, - „გაზ მ1“ შექმნეს, რომლის უპირატესობად თავიდანვე მძიმე რუსულ კლიმატთან (თუ გზებთან) მაქსიმალური მორგებადობა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით „გაზ მ1“-ის დიზაინი მრავალი საბჭოური მანქანისთვის გახდა „შთაგონების წყარო“. 
1930-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა ინჟინრებმა უკვე ლიმუზინის ტიპის მოდელების შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. მეორე მსოფლიოს ომის წინ სსრკ-ში 3 საკმაოდ მსხვილი და მზარდი საავტომობილო ქარხანა ფუნქციონირებდა. მიუხედავად ამისა, პირველი საბჭოური ლიმუზინი ამერიკულის ანალოგი გახლდათ. ახალი მოდელის დაგეგმვის საპასუხისმგებლო საქმეში თვით იოსებ სტალინი ჩაერთო, რომლის პირადი არჩევანის საფუძველზე, „ზის-110“ „პაკარდი 180“-ის დიზაინზე დაყრდნობით აიგო. აქვე აღვნიშნოთ, რომ განიხილებოდა „პაკარდი კლიპერის“, „კადილაკი 75“-ისა და „კადილაკი 63“-ის კანდიდატურებიც.

1945 წლის აგვისტოში, საბჭოთა მთავრობის დადგენილებით, 
მოსკოვში მსუბუქი მანქანების მწარმოებელი ახალი ქარხანა გაიხსნა, რომელიც სხვა თანამემამულე ავტოსაწარმოებისგან შედარებით დახვეწილი და თანამედროვე საწარმოო ხაზით გამოირჩეოდა. ახალი პროდუქციისთვის „ნიმუშების“ არჩევის პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე ისევ სტალინმა აიღო. იოსებ ბესარიონოვიჩის ძვირფასი ყურადღება იმთავითვე „Opel Cadette“-ზე შეჩერდა. ავტოინჟინრებმა მოდელი დაშალეს და მისი შესწავლა დაიწყეს. პირველი 5 ექსპონატი 1946 წლის ნოემბერში იქნა წარმოებული. იმავე წელს მოსკოვის საავტომობილო ქარხანაში რებრენდინგს ჰქონდა ადგილი, - ახალი სახელწოდებით „მოსკვიჩი“, საწარმომ „ფორდის“: „Perfect"-ისა და „Taurus"-ის ძრავაზე ახალი მოდელები ააგო.

მორიგი საავტომობილო ბუმი საბჭოთა კავშირში 1959-1965 წლით თარიღდება, როდესაც ეკონომიკის განვითარების 7-წლიანი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საავტომობილო ინდუსტრიის დახვეწის პოლიტიკას ითვალისწინებდა. კომპანია „გაზ“-მა, როგორც საბჭოური ავტოწარმოების ფლაგმანმა, ხელისუფალთა მომსახურებისთვის რუსული მანქანათმშენებლობისთვის ლეგენდად ქცეული მოდელი, „ჩაიკა“ შექმნა. იმავე წელს „კადილაკის“ დიზაინზე აიგო "ზილ-111".









ავტოინდუსტრიის განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობდა უკრაინაშიც. „ზაპოროჟეცის“ საწარმო, რომელიც თავისი მოდელის "ზაზ-965"-ის წარმოებას ფიატის ბაზაზე გეგმავდა, არჩევანი საბოლოოდ გერმანული კომპანია „NSU“-ზე შეაჩერა. ზაზ-ის ხსენებული მოდელი NSU Prinz 4-ის სრული ანალოგია. ისტორიას ის თავისი „პორტაბელურობით“, მცირე ძრავითა და მეტსახელით - „საპნის ყუთი“ შემორჩა.



საშუალო კლასის ავტომობილებში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე პირველობას სტაბილურად ინარჩუნებდა „პობედა“, რომელსაც მოგვიანებით სახელი შეუცვალეს, - „ვოლგას“ მიერ წარმოებული მოდელები თავისი დიზაინით ძალიან ჰგვანან Chevrolet Belair-ისა და Plymouth Savoy-ის. ფორდი Mainline-ისა და გაზ-21-ის ერთმანეთისგან გარჩევა კი თითქმის შეუძლებელია.


1970 წელს ხელი მოეწერა კონტრაქტს იტალიურ "ფიატთან", რომლის საფუძველზეც კომპანია „ლადა“ იღებდა პასუხიმგებლობას ეწარმოებინა ფიატის მარკის ავტომობილები რუსული ბრენდის მარკით.

ლეობიდ ბრეჟნევის დროს საბჭოური ავტოინდუსტრია უკვე ძვირადღირებული, მაღალი კლასის მანქანების წარმოებაზე გადაერთო. ბრეჟნევი თავად გახლდათ ავტომობილების დიდი მოყვარული. 1965 წელს აშშ-დან მას ექსკლუზიურად გამოუგზავნეს ავტოგამოფენაზე შეძენილი „ლინკოლნ კონტინენტალი“, რომელიც ლეონიდ ილიჩმა მაშინვე ზილ-ის ქარხანაში მიავლინა, ინჟინრებს მოდელის შესწავლა და გაუმჯობესებული ანალოგის აგება დაავალა. სიმბოლურია, რომ მისი სურვილი სისრულეში 1967 წელს, ოქტომბრის რევოლუციის 50-წლისთავზე მოიყვანეს. მართალია, ზილ-114 „მშობლისგან“ ოდნავ განსხვავდებოდა, თუმცა საბჭოური წარმოების გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მისი მომდევნო მოდელი, ზილ-115 „Cadillac Fleetwood 76“-ის ბაზაზე აიგო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რუსულ ავტოინდუსტრიაში კოპირების შემთხვევები ძველებურად ხშირია. როგორც რუსეთში ხუმრობენ, ერთადერთი, ნამდვილად რუსული წარმოების მოდელი „ნივა“, იგივე ვაზ-2121-ია. აღსანიშნავია, რომ 1998 წლიდან "ლადა"-სა და „ჯენერალ მოტორსის“ შეთანხმების საფუძველზე, „ნივას“ ამერიკული კომპანიაც აწარმოებს.