Wednesday, April 11, 2018
ანთების ელექტრონული სისტემა
ანთების ელექტრონულ სისტემაში მაღალი ძაბვის შექმნა და ცილინდრებში
განაწილება ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით ხდება. პრინციპში,
ასეთი მოწყობილობები ყველა ტიპის ანთების სისტემაშია, მაგრამ ამ შემთხვევაში
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანთების ელექტრონულ სისტემაში მექანიკური
კონტაქტები საერთოდ არ არსებობს.
თანამედროვე ავტომობილებზე ანთების ელექტრონული სისტემა ძრავას
მართვის ელექტრონული სისტემის ნაწილია. მისი მრავალი კონსტრუქცია
არსებობს (Bosch, Motronic, Simens, Magneti-Marell და სხვ.), რომელთა დაჯგუფება
ორ კლასად შეიძლება: გამანაწილებიანი და პირდაპირი. პირველში მაღალი ძაბვის
განაწილება ცილინდრებში მექანიკური გამანაწილებლით ხდება. მეორეში
გამანაწილებელი საერთოდ არ არსებობს და სანთლებზე დენი უშუალოდ ანთების
კოჭიდან მიდის.
ქვევით მოცემულია ასეთი ანთების ელექტრონული სისტემის ზოგადი
სქემა რუსული Lada-ს მაგალითზე.
ანთების ელქტრონული სისტემა შეწყვილებული კოჭებით:
1-აკუმულატორების ბატარეა; 2-ანთების საკეტი; 3-ანთების რელე; 4-სანთლები; 5-ანთების
კოჭების მოდული; 6-ტრანზისტორული კომუტატორი, ე.წ. „კონტროლერი“; 7-მუხლა
ლილვის ბრუნთა რიცხვის სენსორი; 8-ბრუნთა რიცხვის მიმცემი დისკო
ტრადიციული ელემენტების გარდა, ანთების ელექტრონული სისტემა
შეიცავს: შემავალ სენსორებს (რომელთა ჩამონათვალი სხვადასხვა ძრავებისათვის
განსხვავებულია და მათ მოგვიანებით, ძრავას მართვის ელექტრონული
სისტემების განხილვისას, გავეცნობით), მართვის ბლოკს და შემსრულებელ
მექანიზმს, ე.წ. ამნთებს (ignitor), რომელიც ფაქტიურად ტრანზიტორულ
კომუტატორს წარმოადგენს და ანთების კოჭის პირველადი ხვიის ჩართვა-
გამორთვას ახდენს (იხ. ზემოთ). სისტემას ერთი საერთო ანთების კოჭაც შეიძლება
ჰქონდეს, ინდივიდუალური კოჭებიც (ანუ ყოველ ცილინდრზე სათითაო კოჭა,
რომელიც სანთლებზეა დაყენებული), და შეწყვილებული კოჭებიც.
ოთხცილინდრიან ძრავებში ორი შეწყვილებული კოჭა გვაქვს: 1 და 4, აგრეთვე 2 და
3 ცილინდრებისათვის. შეწყვილებული კოჭის მუშაობის პრინციპს ჩვენ ზემოთ
უკვე შევეხეთ.
ცხადია, ეს სისტემაც, ისევე, როგორც ანთების ინდივიდუალური კოჭების
შემთხვევაში, პირდაპირი ანთების სისტემაა - მასში არ არის გამანაწილებელი.