როგორც ვიცით, ჰემილტონი და როსბერგი ოთხი წლის განმავლობაში იყვნენ თანაგუნდელები Mercedes AMG-ში, სადაც სამი წლის განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს ტიტულების მოსაპოვებლად, 2016 წელს კი ყველასათვის მოულოდნელად გაჩემპიონებულმა ნიკო როსბერგმა კარიერა დაასრულა.
ხოლო მას შემდეგ, რაც ფეტელმა 2017 წლის პირველ რბოლაში ავსტრალიის გრან პრის კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა, ჰემილტონს კითხეს, იქნებოდა თუ არა ფეტელისგან წელს უფრო დიდი კონკურენცია, ვიდრე ამას როსბერგი აკეთებდა ოთხი წლის განმავლობაში, რაზეც მან უპასუხა: "უდაოდ. ვფიქრობ წელს ჩვენ სათავეში საუკეთესო მრბოლელებს ვიხილავთ. ასევე კარგი იქნებოდა ფერნანდო ალონსოს ყოფნაც ზემოთხსენებულში, თუმცა უახლოეს მომავალში ეს შეუძლებელია. ჩვენ გვყავს დიდებული მრბოლელი სებასტიანის სახით, რასაც მისი ოთხი ტიტულიც ადასტურებს, მას გააჩნია წარმოუდგენელი ტალღა ფორმულა ერთში. ეს ყველაფერი წლებია გრძელდება და ალბათ კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. მასთან ბრძოლა სასიამოვნოა ასევე შესანიშნავია Ferrari-ს დაბრუნება მოწინავე პოზიციებზე.
ჰემილტონმა ასევე აღნიშნა, რომ მას სასიამოვნო დამოკიდებულება აქვს მის ახალ მეწყვილე ვალტერი ბოტასთან. ხოლო როდესაც მას კითხეს თუ რა განსხვავება იყო როსბერგსა და ფეტელს შორის ურთიერთობაზე, მას კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ შარშან ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს არაერთხელ შეეჯახნენ, მარტო ესპანეთის გრან-პრი რად ღირს. ამ ხშირი უსიამოვნო მომენტებიდან გამომდინარე მათი ურთიერთობა კრიტიკულად დაძაბული იყო, Mercedes AMG-ს ბოსს, ტოტო ვოლფს ხშირად უწევდა საქმეში ჩართვა რათა, პილოტები დაეშოშმინებინა.